პენტაგონი ქაბულში არსებულ ვითარებაზე: საფრთხე ჯერ კიდევ რეალურია

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ ქაბულის აეროპორტში შესაძლო საფრთხისთვის უნდა მოემზადოს.

„ჩვენ იმ ვარაუდით ვმოქმედებთ, რომ მომავალი პოტენციური საფრთხეებისათვის უნდა მოვემზადოთ. ახლა განსაკუთრებით სახიფათო მომენტია. საფრთხე ჯერ კიდევ რეალურია. ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამას და ასე იქნება ევაკუაციის დასრულებამდე“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.

ცნობისთვის, დღეს ქაბულის აეროპორტის წინააღმდეგ სარაკეტო იერიში განხორციელდა. სარაკეტო თავდასხმის დროს აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემამ ხუთი რაკეტა გაანეიტრალა. 29 აგვისტოს ქაბულში აშშ-მა სარაკეტო იერიში განახორციელა, რომლის მიზანიც აეროპორტში მორიგი ტერაქტის აღკვეთა იყო. პენტაგონში განმარტეს, რომ რაკეტა მოხვდა ავტომობილს, რომელშიც თვითმკვლელი ტერორისტი იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ის აეროპორტში აფეთქების მოწყობას გეგმავდა. 26 აგვისტოს ქაბულში ტერაქტის შედეგად 170 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივმა ფრთამ ISIS-K-მ აიღო. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, თავდასხმას 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო 18 – დაჭრილია. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბრძანებით, ტერაქტის ორგანიზატორებზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც „ისლამური სახელმწიფოს“ ორი ლიდერი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები