ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი პარტიასთან სრულად დისტანცირებულია – „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილებები მიიღება კოორდინაციით, კოორდინაციის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ვარ მე

“ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილებები მიიღება კოორდინაციის საფუძველზე, ამ კოორდინაციის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ვარ მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში – „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პარტიასთან სრულად დისტანცირებულია და მმართველი გუნდი მასთან კონსულტაციებს არ მართავს.

„თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილებები, საკვანძო გადაწყვეტილებები მიიღება პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ. ჩვენ გვაქვს კოლეგიური მართვის წესი და ზუსტად ასეთი წესით ვიღებთ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება ჩემს როლს, ჩემი მთავარი როლი არის ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესის კოორდინაცია და გახლავართ როგორც პარტიის თავმჯდომარე, ასევე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და სწორედ ასეთი კოორდინაციით მიიღება ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკური პარტიის მიერ.

იანვარში შედგა ჩვენი პარტიის ყრილობა და ყრილობის წინა დღეებში შედგა ბოლო კომუნიკაცია და ბოლო შეხვედრა ივანიშვილთან. ის არის მთლიანად დისტანცირებული. მისი სურვილი იყო სრული დისტანცირება პოლიტიკისგან. ის ადრეც გავიდა პოლიტიკიდან, თუმცა, მაშინ განსხვავებული განცხადებები გააკეთა. მან განაცხადა, რომ კონსულტაციებით გუნდს დაეხმარებოდა, თუმცა, იგივე განცხადება მას არ გაუკეთებია მეორე შემთხვევაში. ის არის გასული პოლიტიკიდან და მან მკაფიოდ განაცხადა, რომ კონსულტაციებითაც კი არ დაეხმარება გუნდს. ეს არის მისი მყარი პოზიცია, ეს იყო მისი არჩევანი და მისი გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის ვალია, პატივი ვცეთ მის ამ გადაწყვეტილებას. ამ პრინციპით მოქმედებს გუნდის თითოეული წევრი. თუ ვინმე შეეცდება დაკავშირებას, კომუნიკაციის დამყარებას, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის სურვილის წინააღმდეგ წასვლა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები