ინდონეზიაში “დელტა” შტამის გამო ბავშვებში მაღალი სიკვდილიანობაა – მხოლოდ აგვისტოში 228 შემთხვევა დაფიქსირდა

ინდონეზიაში 18 წლამდე პირებში სიკვდილიანობის სტატისტიკა სამჯერ აღემატება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს.

ლეტალური შემთხვევების განსაკუთრებული მატება ივლისიდან შეინიშნება, კორონავირუსის “დელტა” შტამის გავრცელების პარალელურად.

ამის შესახებ ინფორმაციას SkyNews-ი ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, 18 წლამდე პირებში სიკვდილიანობა ქვეყანაში 1%-ს აღწევს, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე მსოფლიოში საშუალოდ – სადაც რიცხვი 0,3% – ს შეადგენს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინდონეზიაში პანდემიის დაწყებიდან ვირუსს სულ 1 272-ზე მეტი 18 წლამდე ადამიანი შეეწირა. მხოლოდ აგვისტოში 228 ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული.

ქვეყნის პედიატრები მძიმე სტატისტიკის ახსნას ცდილობენ და ამბობენ, რომ “კორონავირუსთან ბრძოლის არსებული სამედიცინო პროტოკოლების გამოყენება ბავშვებზე რთულია. მეორე, რთულია, აიძულო ბავშვს, მუდამ ატაროს პირბადე. მათ ასევე ხშირად ავიწყდებათ ხელების დაბანა. გარდა ამისა, კოვიდ19-ზე მგრძნობელობის ამაღლებას ასევე კვება უწყობს ხელს. არსებობს ბავშვებში თანმხლები დაავადებებიც, როგორებიც არის გულის თანდაყოლილი დეფექტები, კიბო, არასწორი კვება, ზრდის შეფერხება და სიმსუქნე”.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან ინდონეზიაში კორონავირუსი ნახევარ მილიონამდე 18 წლამდე პირს დაუდასტურდა. თუმცა, ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ რეალური რიცხვი შესაძლოა, ბევრად მაღალი იყოს.

ინდონეზიაში მასობრივი ვაქცინაცია იანვარში დაიწყო და ახლა პედიატრები ამბობენ, რომ 12 წელს ზემოთ ბავშვების აცრა პრიორიტეტი უნდა გახდეს.

ივნისში პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომ 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებს Sinovac-ის ვაქცინით აცრიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები