გურამ მაჭარაშვილი: იმედი მაქვს, არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაში ჩამოყალიბდება აზრი, რომ ოპოზიციაში იყვნენ ჯანსაღი პოლიტიკური ძალები
“ოპონენტებს ვურჩევდი, ჩამოყალიბდნენ და გადაწყვიტონ, მობილიზება გააკეთონ რესურსების, რომ როგორმე “ნაციონალური მოძრაობა” ჩაანაცვლონ ოპოზიციაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ოპოზიცია არაფერს მოიმოქმედებს, ქვეყანაში ორპოლუსიანი ვითარება დარჩება.
“სხვა შემთხვევაში, ისინი იქნებიან იმ დონეზე, რა დონეზეც ახლა არიან და ექნებათ სულ წუწუნი იმაზე, რომ ორპოლუსიანი სისტემაა. ორპოლუსიანი სისტემა იქნება მანამ, სანამ ოპოზიციური სპექტრი არ გაერთიანდება, არ დაისახავს მიზნად ჯანსაღ ოპონირებას ხელისუფლების და არ ჩაანაცვლებს “ნაციონალურ მოძრაობას” ოპოზიციაში. მე იმედი მაქვს, ამ არჩევნების შემდგომ პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაში ჩამოყალიბდება აზრი, რომ ოპოზიციაში იყვნენ ჯანსაღი პოლიტიკური ძალები. ამას რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეუწყოს თავად ოპოზიციურმა პარტიებმა”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.