დავით ზალკალიანი: რუსული სააგენტოების მხრიდან მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველომ ავღანელი ლტოლვილები შეიფარა
ავღანეთიდან ევაკუაციის საერთაშორისო ძალისხმევაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ საუბრისას, საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რუსული სააგენტოების მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება.
„რუსული სააგენტოების მხრიდან ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს, თბილისმა და საქართველომ ავღანელი ლტოლვილები შეიფარა და რომ ჩვენ თბილისი ავღანელი ლტოლვილების თავშესაფარ ადგილად ვაქციეთ”, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, საუბარია მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანზე, კერძოდ, სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში, ამერიკის დემოკრატიის განვითარების ფონდში, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში, აზიის განვითარების ბანკსა და ავღანეთში მოქმედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებზე, რომელთა საქართველოში ევაკუაცია საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება. ეს პირები საქართველოში მხოლოდ რამდენიმე საათით რჩებიან და ამის შემდგომ ისინი დანიშნულების ქვეყნებში მიემგზავრებიან.
„ეს არის დროებითი ღონისძიება და უახლოეს პერიოდში მოხდება მათი შემდგომი გადამისამართება ამერიკის და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.