ავიაკომპანია „ვიზეარის” ტოპ მენეჯმენტმა ქუთაისის განახლებული აეროპორტი და აეროპორტთან მდებარე სარკინიგზო სადგურის მიმდინარე სამშენებლო პროცესი დაათვალიერა
ქართული მხარის მოწვევით საქართველოში ორდღიანი ვიზიტით უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარის” ტოპ მენეჯმენტი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ავიაკომპანიის წარმომადგენლები ქუთაისსა და თბილისს სტუმრობენ.
ქუთაისში ავიაკომპანია „ვიზეარის” ტოპ მენეჯმენტმა ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერა, ასევე, ადგილზე გაეცნო აეროპორტთან მდებარე სარკინიგზო სადგურის მიმდინარე სამშენებლო პროცესს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.
ქუთაისის აეროპორტი რკინიგზის სადგურს მიმდინარე წლის შემოდგომიდან დაუკავშირდება და პირველ მგზავრებს მიიღებს. სადგური, რომელიც მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება როგორც ქუთაისისთვის, ასევე, კერძო სექტორისა და მოსახლეობისთვის, ხელს შეუწყობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მობილობის ზრდას და მოგზაურებს აროპორტთან წვდომას გაუადვილებს.
„ვიზეარის” დირექტორის, ოვეინ ჯონსის თქმით, უნგრული ავიაკომპანია იყო პირველი, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დაიწყო.
მისივე თქმით, აეროპორტის ახალი ტერმინალი იმას მოწმობს, რომ იზრდება ქალაქი და იზრდება მოთხოვნა მოგზაურობაზე. ამასთან, ვიზიტისას „ვიზეარის” ტოპ მენეჯმენტმა თბილისში შეხვედრა გამართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, მარიამ ქვრივიშვილთან, რა დროსაც სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
აღინიშნა, რომ კომპანია მზადაა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებებით ახალი ავიარეისები დაამატოს.