იაგო ხვიჩია: არჩევნების გადადებაზე სახალხო დამცველის განცხადებას ოპოზიცია არც უნდა აჰყოლოდა
“გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე თვითმმართველობის არჩევნების გადადებაზე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას ოპოზიცია არც უნდა აჰყოლოდა.
მისივე თქმით, ოპოზიციისთვის არჩევნების გადადების შესახებ ინიციატივა წამგებიანია.
„ვფიქრობ, რომ გუშინ, არჩევნების გადადებაზე სახალხო დამცველის განცხადებას ოპოზიცია არც უნდა აჰყოლოდა. მოსალოდნელი იყო ის, რაც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ოპოზიციას ეშინია არჩევნების და ამიტომ უნდათ, რომ ბოიკოტი გამოაცხადონ და ა.შ. თავად თქვეს, რომ არჩევნები არ გადაიდება. არ ვიცი, რომელი ოპოზიცია იგულისხმეს, ვინ აჰყვა ამას სერიოზულად და ვინ არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციისთვის ინიციატივა არჩევნების გადადების შესახებ წამგებიანია. ეს ყველაფერი არის „ქოც-ნაცური“ კინკლაობის ამბები, რომელსაც დიდ ყურადღებას აღარ ვანიჭებ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არასოდეს მთავრდება და სულ ერთნაირია. საქმეზე კი არ არის საუბარი, არამედ მეორე მხარის დამცირებაზე, ბულინგზე. იმდენი ხანია, ეს ყველაფერი გრძელდება და იმდენად ერთფეროვანია, რომ ჩემთვის ცოტათი მოსაწყენიც კი გახდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.