ქუთაისის განახლებული აეროპორტი ავიაკომპანია Wizz Air-ის ტოპ მენეჯმენტმა დაათვალიერა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მოწვევით, ორდღიანი ვიზიტით, საქართველოს ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air-ის ტოპ მენეჯმენტი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მაღალი რანგის სტუმრებმა ქუთაისის განახლებული აეროპორტი დაათვალიერეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

Wizz Air-ის დირექტორმა, ოვეინ ჯონსმა ავიამიმართულებების განვითარების, შესყიდვებისა და იურიდიული მიმართულებით კომპანიის მუშაობა საქართველოში ნაყოფიერად შეაფასა.
“ქუთაისი არის ის ადგილი, სადაც დაბრუნება ყოველთვის მიხარია. ნაყოფიერი იყო 2012 წელი, როდესაც ვიზეარმა ქუთაისის მიმართულებით დაიწყო ფრენა.
ჩვენი ავიაკომპანია იყო პირველი, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დაიწყო და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს. ახლა ვდგავართ კიდევ უფრო მეტად გალამაზებულ ახალ ტერმინალში, რაც მოწმობს იმას, თუ რა შეუძლია მოგზაურობას. ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვზრდით და ხელს ვუწყობთ ეკონომიკის გაჯანსაღებას. აქედან გამომდინარე, იზრდება ქალაქი და იზრდება მოთხოვნა მოგზაურობაზე. ამაყი ვარ, რომ დღეს აქ ვარ და ვაგრძელებთ განვითარებას”, – განაცხადა ოვეინ ჯონსმა.

ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პანდემიამდე, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ევროპის 30 ზე მეტი მიმართულებით ასრულებდა და ზედიზედ ორჯერ საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი იყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილე, ლევან ცხადაძე ამბობს, რომ Wizz Air-ი საქართველოს დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორია და მასთან მჭიდრო თანამშრომლობა ყველა ეტაპზე გრძელდება.
,,ქუთაისის განახლებულ აეროპორტში ვმასპინძლობთ ჩვენს დიდი ხნის სტრატეგიულ პარტნიორს, ავიაკომპანია ვიზეარს. მენეჯმენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და ვიზეარის საქართველოში ფრენების ოპერირების მნიშვნელოვანი ტექნიკური საკითხები. ასევე განხილულ იქნა სამომავლო პერსპექტივები და ის ახალი მიმართულებები, სადაც ვიზეარი უახლოეს მომავალში, გეგმავს ფრენების დაწყებას ქუთაისის მიმართულებით”, – განაცხადა ლევან ცხადაძემ.
ვიზიტისას, იმერეთის ინფო-ტურის ფარგლებში DMO იმერეთის ორგანიზებით, ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ ვანის არქეოლოგიური მუზეუმი მოინახულა და ქუთაისის ღირშესანიშნაოები დაათვალიერა. ვიზიტის მეორე დღეს კი ავიაკომპანია ვიზეარის მენეჯმენტი შეხვედრებს უკვე თბილისში გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები