შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: ხედავენ, რომ არჩევნებით ვერ მოდიან ხელისუფლებაში და ერთადერთი გამოსავალია, არჩევნების გვერდის ავლით მოახდინონ ძალაუფლების კიდევ ერთხელ ხელში ჩაგდება

“ოპოზიციის მთავარი მიზანია, საზოგადოებაში რამენაირად უკმაყოფილების გამოწვევა და შემდეგ – ამ ტალღის აგორება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში ხედავენ, რომ არჩევნებით ვერ მოდიან ხელისუფლებაში და ერთადერთი გამოსავალია, არჩევნების გვერდის ავლით მოახდინონ ძალაუფლების კიდევ ერთხელ ხელში ჩაგდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მთავარი, რაზეც ისინი აგებენ ზოგადად საკუთარი წარმატების იმედებს, არის რაღაც პრობლემების გამონახვა, რაც რამენაირად მღელვარებას გამოიწვევს საზოგადოებაში. ჩვენ ვნახეთ, ამ თვეების განმავლობაში მთელი კამპანია იყო ადამიანების ტრაგედიებით თამაშის, კამპანია იყო გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა ტყუილი, რაც კი შეიძლებოდა, მოეგონებინათ და აეწყოთ, რომ იქნებ რამენაირად გამოეწვიათ მღელვარება, ყველანაირი ხერხი სცადეს. ბოლო პერიოდშიც, ახლა რომ გვესმის მოწოდებები ქვეყნის ჩაკეტვასთან დაკავშირებით იმ ხალხისგან, რომლებსაც სულ რამდენიმე თვის წინ კამპანიაც კი ჰქონდათ, რომ გახსენით ქვეყანა, ახლა პირიქით ითხოვენ, რომ ჩავკეტოთ ქვეყანა. მათი მთავარი მიზანია საზოგადოებაში რამენაირად უკმაყოფილების გამოწვევა და შემდეგ ამ ტალღის აგორება. ისინი ხედავენ, რომ არჩევნებით ვერ მოდიან ხელისუფლებაში, ძალაუფლებას ვერ იბრუნებენ. ხალხი მათ ამ ძალაუფლებას არ აძლევს და ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ არჩევნების გვერდის ავლით მოახდინონ ამ ძალაუფლების კიდევ ერთხელ ხელში ჩაგდება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები