ირაკლი კობახიძე: როდესაც სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად არის ანომალია
“არჩევნების გადადებისთვის არსებობს ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი – ეს არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. როდესაც სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად არის ანომალია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ვხედავთ, რომ გაშლილია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი კამპანია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. ეს არის საარჩევნო მარცხის წინასწარი აღიარება. ჩვენ ასეთივე კამპანია გვახსოვს 2020 წლიდან, მაშინაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო ეს კამპანია და შემდეგ „სირცხვილიამ“ გააგრძელა. ახლაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო და „სირცხვილიამ“ და მიშა მშვილდაძემ გააგრძელეს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ეშინია“, – აცხადებს კობახიძე.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანას დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 60-70 გარდაცვლილი ჰყავს, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.