ივანე ჩხაიძე: თუ ჯანმო-ს რეკომენდაცია შესაძლებლობას მოგვცემს, ვაქცინაციას 12 წელს ზემოთ მოზარდებში დავიწყებთ
“თუ ჯანმო-ს რეკომენდაცია შესაძლებლობას მოგვცემს, ვაქცინაციას 12 წელს ზემოთ მოზარდებში დავიწყებთ”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მეორე გზაა, რომ ქვეყანამ ინდივიდუალურად გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა ბავშვებს ვაქცინაცია
“16-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება ნებადართულია და ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია უკვე ტარდება. შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი, სადაც შეიძლება, იყოს განხილვა ვაქცინაციის საკითხის, ეს არის 12-დან 15 წლამდე ასაკი. თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენ ვაქცინაციას დავიწყებთ ამ ასაკობრივ ჯგუფში. არის მეორე გამოსავალი, მეორე გზა, ქვეყანამ ინდივიდუალურად გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა ბავშვებს ვაქცინაცია.
თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ მდგომარეობის სტაბილიზება, თუ მაჩვენებელი ისევ დარჩა ესეთ კატასტროფულად მაღალ რიცხვებზე, ვფიქრობ, ჩვენ ამ საკითხის გადახედვა მოგვიწევს,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.