გია ტაბლიაშვილი: დეკანოიძე “დეპოშია” და იმ “მოკვლევას“ ითხოვს, რომელიც 20 წლის წინ გააუქმა კანონმდებლობამ

16-17 აგვისტოს თბილისსა და ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა გაიმართა, რომლის მუშაობაშიც, გარდა დეპუტატებისა, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.

“კვირა“ არასამთავრობო ორგანიზაციის –  “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წევრს, გია ტაბლიაშვილს ესაუბრა:

-რამდენად საგნობრივი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების გუშინდელი განხილვა?

-საქართველოს პროკურორის არჩევის წესი და 2%-იანი საარჩევნო ბარიერი განხილვის ძირითადი საკითხები იყო, ანუ ის საკითხები, რომელიც ოპოზიციისთვის სისხლხორცეულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. შესაბამისად, ამ საკითხების განხილვისადმი ინტერესიც დიდი იყო.

გენერალური პროკურორის არჩევის წესით დავიწყოთ…

-დღეის მდგომარეობით, საქართველოში გენერალური პროკურორი 6 წლის ვადით აირჩევა. წარმოდგენილი კანონპროექტით, იმ შემთხვევაში, თუ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა და მისი არჩევა ვერ მოხერხდა კონსენსუსის წესით, მაშინ ის თანამდებობაზე მხოლოდ 1 წლის ვადით უნდა განმწესდეს. ჩემი მოლოდინი იყო, რომ კანონპროექტის განხილვა საგნობრივი იქნებოდა და მოვისმენდი კვალიფიციურ, პროფესიონალურ წინადადებებს, თუმცა, ასე არ მოხდა…

რატომ?

-მომეჩვენა, რომ რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგალითად, ,,სამართლიან არჩევნებს“ და დეპუტატების ოპოზიციურ ნაწილს სურდათ, ამ საკითხების საგნობრივი და პროფესიონალური  განხილვა პოლიტიკურად ანგაჟირებულ თემებში გადაეყვანათ. ნაცვლად იმისა, რომ კანონპროექტს პროკურატურის გაჯანსაღებისა და სტაბილურობისთვის შეეწყო ხელი, წარმოდგენილი ცვლილებების შემთხვევაში პროკურატურაში მეტი რყევა და დესტაბილიზაცია იქნება მოსალოდნელი, ეს კი არც ჩვენს ქვეყანას და არც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას არ წაადგება.

ერთი წლით არჩეული პროკურორი ქვეყნისა და პროკურატურის სისტემისთვის შესაძლოა, საფრთხედ იქცეს?

– თუ გენერალურ პროკურორს მხოლოდ 1-წლიანი ვადით, და თანაც დროებით, ვირჩევთ და ამ თანამდებობაზე არჩეულმა ადამიანმა იცის, რომ თანამდებობას 1 წლის შემდეგ ვეღარ გაეკარება, რა ფრთიანი ანგელოზიც უნდა იყოს, ხელი არაფერზე წაუცდება? თუკი ვამბობთ, რომ მოსამართლის სრული დამოუკიდებლობისთვის მისი უვადოდ გამწესებაა აუცილებელი, მაშინ როგორ უნდა ვანდოთ 1 წლით სისტემა თუნდაც ყველაზე კვალიფიციურ და კარგი რეპუტაციის პროკურორს, რომელიც ქვეყანაში სახელმწიფო ბრალდებას მართავს? ვფიქრობ, ასეთ ცვლილებებს არ შეიძლება, მოჰყვეს სახელმწიფოსთვის რაიმე ფასეული  შედეგი.

შესაძლოა, როდესმე პოზიცია და ოპოზიცია კონსენსუსის გზით შეთანხმდნენ გენერალური პროკურორის კანდიდატურის 6 წლის ვადით დამტკიცებაზე?

-ერთადერთ შემთხვევაში, თუ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ოპოზიციისთვის სასურველი კანდიდატურა დამტკიცდება. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი კრიტიკას ვერ უძლებს და, ფაქტობრივად, ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი არ შეიძლება, იყოს. ცოტა ხნის წინ ვნახეთ, როგორ ვერ მოხერხდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დამტკიცება 6 წლის ვადით. ოპოზიციამ საკუთარი ხმები არ მისცა არცერთ კანდიდატს არა იმიტომ, რომ მათ კომპეტენციაში ან კეთილსინდისიერებაში  ეპარებოდა ეჭვი, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციურ კანდიდატს გამარჯვების შანსი არ ჰქონდა. ასე მოხდება გენერალური პროკურორის კანდიდატის დამტკიცებისასაც.

რომ მოხდეს ისე, რომ ხელისუფლებამ დაუშვას პრეცედენტი და  გენერალური პროკურორის პოსტზე მხარი დაუჭიროს ოპოზიციის კანდიდატს?

-როგორ შეიძლება, ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანმა მხარი დაუჭიროს ქვეყანაში ოპოზიციონერ გენერალურ პროკურორს? დღეს ოპოზიციის მიზანი არა კონსენსუსი და საკითხების არსობრივი განხილვა, არამედ დესტრუქცია და პროფესიული საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადატანაა. ამას ხვდება საზოგადოება რეგიონებშიც, საკონსტიტუციო განხილვების დროს და თბილისშიც.

რაც შეეხება საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას?

-ჩვენი ორგანიზაციის წევრმა, გელა ნიკოლაიშვილმა, რომელიც 1992-1995 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, საკუთარი დეპუტატობისდროინდელი მაგალითი მოიყვანა. მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტი იმ წლებში ყველაზე ჭრელი და წარმომადგენლობითი იყო, მაგრამ ქვეყნის განვითარებისთვის რაიმე ღირებული შედეგი არ მოუტანია. მრავალფეროვანი პარლამენტი და საკანონმდებლო ორგანოში შემთხვევითი ადამიანების შესვლა არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი პარლამენტი უფრო ღირებული იქნება ქვეყნისთვის. გელა ნიკოლაიშვილის არგუმენტს ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც კი ვერ გასცეს დამაჯერებელი პასუხი, მათი არგუმენტები მხოლოდ იმით შემოიფარგლებოდა, რომ არსებობდა პოლიტიკური შეთანხმება პარტიებს შორის და მისი დაცვა და შესრულება აუცილებლად მიაჩნდათ, თუმცა, ისინიც აცნობიერებდნენ, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება შესაძლოა, საკანონმდებლო ინსტიტუციისთვის ვერაფერი სიკეთისმომტანი ყოფილიყო.

ფიქრობთ, რომ ოპოზიცია  არაპროფესიონალურად უდგება საკონსტიტუციო ცვლილებებს?

– ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის ბოლოდროინდელ განცხადებებს თუ გაიხსენებთ, დამეთანხმებით, რომ ასეთი არაკვალიფიციური ადამიანების ადგილი საკანონმდებლო ორგანოში არ არის, მეტიც, გულს უტეხს ადამიანს…

რას გულისხმობთ?

-ყველამ ვნახეთ შემთხვევა, როგორ  დააპარკინგა წყვილმა მანქანა იქ, სადაც ხატია დეკანოიძე ტელევიზიებს ინტერვიუს აძლევდა. მანქანიდან გადმოსულმა ახალგაზრდა კაცმა ღიად გამოთქვა საკუთარი აზრი, პირდაპირ შეიგინა  ,,ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით, თანაც ისე, რომ დეპუტატის არც სახელი უხსენებია და არც მისი პატივი და ღირსება შეულახავს და გზა განაგრძო. არავითარი კანონით აკრძალული ქმედება  დეპუტატი ქალბატონის მიმართ ამ ადამიანს არ განუხორციელებია. დეკანოიძემ სასწრაფოდ მოიწვია მისთვის ,,საჭირო“ ტელევიზიები და განაცხადა, რომ უცხო პირი მანქანის დაჯახებას უპირებდა, უშვერი სიტყვებით აგინა დეპუტატს და სამართალდამცავი ორგანოებისგან ანეკდოტური რამ, ამ პიროვნებაზე მოკვლევის დაწყება მოითხოვა.

რატომ იყო დეკანოიძის მოთხოვნა ,,ანეკდოტური“?

-პოლიციის აკადემიის ყოფილი რეფორმატორი ხელმძღვანელი და პარლამენტის დეპუტატი, რომლის განათლებაც, სამწუხაროდ, არ ვიცი, სამართალდამცავებისგან მოითხოვს პიროვნებაზე მოკვლევას იმ დროს, როცა მსგავსი ჩანაწერი ბოლო 20 წლის განმავლობაში ამოღებულია საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან, დამეთანხმებით, კომიკურად ჟღერს. მოკლედ, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ,,დეპოშია“ და იმ ,,მოკვლევას“ ითხოვს, რომელიც 20 წლის წინ გააუქმა ქართულმა კანონმდებლობამ.

თუმცა, მაყურებლის დიდ ნაწილსაც არ აქვს იურიდიული განათლება და დეკანოიძის რეპლიკა მათთვის სრულიად შეუმჩნეველი დარჩა.

-სამაგიეროდ, მას უყურებდნენ პროფესიონალებიც: იურისტები, პროკურორები, ადვოკატები, მოსამართლეები, რომლებიც ამ შემთხვევამ დაარწმუნა, რომ დეკანოიძე საქართველოს კანონმდებლობასთან ,,მწყრალადაა“ და, მომავალშიც, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის  ნათქვამ ,,ბაჯაღლო ოქროსაც“ ადამიანებისთვის ფასი აღარ ექნება. მახსენდება დეკანოიძის ,,მარგალიტებიდან“ კიდევ ერთი შემთხვევა. ბიუროს სხდომაზე, ტელეკამერების წინ ქალბატონმა ხატიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო ეთიკის საბჭოს შექმნაში მას უდიდესი წვლილი მიუძღვის. მეტიც, ბიუროს სხდომაზე ერთ-ერთ დეპუტატს განუცხადა, რომ იმ ეთიკის საბჭოს მიმართავდა, რომლის შექმნაშიც მას უდიდესი წვლილი მიუძღვოდა. საბედნიეროდ, დეპუტატმა, ნინო წილოსანმა იქვე შეახსენა დეკანოიძეს, რომ ეთიკის საბჭო 2019 წლის 19 მარტს შეიქმნა, ხატია დეკანოიძე კი პარლამენტის წევრი 2020 წლის ბოლოს გახდა. სწორედ ასეთი კვალიფიკაციის ადამიანები ქმნიან დღეს ოპოზიციაში პოლიტიკური დღის წესრიგს, რაც, საბოლოოდ, ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი ვერ იქნება.

საბედნიეროდ, ქართული საზოგადოება კარგად ხვდება, რასთან გვაქვს საქმე, რამდენად სანდო და დამაჯერებელია ასეთი დეპუტატების საპარლამენტო გამოსვლები და შესაძლებელია თუ არა, მათ სიტყვას წონა ჰქონდეს, ქვეყნის კეთილდღეობას ემსახურებოდეს და საკანონმდებლო ფორმატში ჯდებოდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები