იაგო ხვიჩია: შეიძლება, ნიკა მელიას ებრძვიან და მისი დამარცხება უნდათ
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ თბილისის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების წარდგენას ეხმაურება.
„მათ არავისთან კოორდინაციის სურვილი არ გამოუხატავთ. ეს ფართო ოპოზიციურ ერთობასაც არ მოიცავს. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც, ისტორიულად, „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება, ერთად გეგმავს საერთო კანდიდატების წარდგენას, სხვები არ მონაწილეობენ. ეს „ტაქტიკა“ იმდენად არასწორად მიმაჩნია, რომ ვფიქრობ, რაღაც სხვა ხდება. შეიძლება, ნიკა მელიას ებრძვიან და მისი დამარცხება უნდათ, თორემ, სხვანაირად, ასეთი კამპანია როგორ უნდა ჩაატარონ, ფიზიკურად არ მესმის“, – ამბობს იაგო ხვიჩია.
ცნობისთვის, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ და ელენე ხოშტარიას „დროამ“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს წარადგინა.