“დროა, სამარცხვინოდ წავიდეს იმის გამო, რაც ავღანეთში გააკეთა” – ტრამპი ბაიდენს აკრიტიკებს

“თალიბანის” მიერ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ხელში ჩაგდების შემდეგ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადადგომისკენ მოუწოდა.

”დროა, ბაიდენი სამარცხვინოდ წავიდეს იმის გამო, რაც მან გააკეთა ავღანეთში. რაც მან გააკეთა, დაუჯერებელია და ისტორიაში შევა, როგორც ამერიკელების ყველაზე დიდი მარცხი,” – თქვა ტრამპმა.

ტრამპს არაერთხელ გაუკრიტიკებია ბაიდენის გეგმა, რომელის ავღანეთიდან ჯარის გაყვანას გულისხმობს. მისი მტკიცებით, პროცესს “სხვაგვარად წარმართავდა და – გაცილებით წარმატებით”.

შეგახსენებთ, რომ “თალიბანთან” პირდაპირი მოლაპარაკებები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, 2018 წელს დაიწყო ყატარის დედაქალაქ დოჰაში. მხარეებმა შეთანხმებას 2020 წლის თებერვალში მიაღწიეს და დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვით, აშშ-ის ჯარის გაყვანა 2021 წლის პირველ მაისს უნდა დასრულებულიყო.

თავის მხრივ, “თალიბები” ავღანეთის მთავრობასთან მშვიდობიან მოლაპარაკებაში შევიდოდნენ და პირობას დებდნენ, რომ ავღანეთი არ გახდებოდა საერთაშორისო ტერორისტებისთვის ბაზა.

თუმცა, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ პირველი მაისისთვის ჯარების გაყვანის პროცესს ვერ დაასრულებდა და ვადა 11 სექტემბრამდე გადაწია, რაც იქნება სიმბოლური, რადგან ავღანეთში აშშ-ის კოალიციური ჯარები ზუსტად 20 წლის წინ, აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ შევიდნენ.

“თალიბანი” 1994 წელს დაარსდა, ავღანეთში სამოქალაქო ომის დროს. 1996-2001 წლებში ისინი ქვეყნის სადავეებშიც იმყოფებოდნენ, მაგრამ 2001 წელს ისინი დაამხეს და ამ ხნის მერე პარტიზანულ ომში შევიდნენ სამთავრობო ძალებსა და ნატო-ს კონტინგენტთან.

ჯამურად, ავღანეთში აშშ-მა 98 ათასი ჯარისკაცი გადაისროლა, აქედან 1900-ზე მეტი დაღუპულია და 20 ათასზე მეტი დაიჭრა.

ავღანეთში ვითარება განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში, “თალიბანის” მიერ ავღანეთის მსხვილი ქალაქების შედეგად გამწვავდა.

15 აგვისტოს “თალიბანი” უკვე ყველა სასაზღვრო გადასასვლელს აკონტროლებდა. მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ დაჯგუფების მებრძოლები ქაბულში შევიდნენ და პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. ქვეყანა ქვეყნის პრეზიდენტმა დატოვა, თუმცა, როგორც აშრაფ ღანიმ თქვა, ეს “ხოცვა – ჟლეტის თავიდან ასაცილებლად” გააკეთა.

გვიან ღამით “თალიბანის” ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დასრულდა და მმართველობის ფორმა უახლოეს მომავალში შტატში გაირკვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები