საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის და დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტებზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის და გადაზიდვის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ – ერთი დაკავებული საცხოვრებელ სახლში შემდგომი გასაღების მიზნით ინახავდა დიდი ოდენობით – 2 160 კოლოფ „MANCHESTER“-ის და „DUBAO“-ს დასახელების უაქციზო სიგარეტს, საიდანაც 490 კოლოფის გასაღება მოახდინა მეორე დაკავებულზე.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 9 504 ლარის ღირებულების 2 160 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და უაქციზო საქონლის ვაჭრობით მიღებული თანხა – 2460 ლარის ოდენობით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.