NDI: გამოკითხულთა 51 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთი პარტია არ დგას, 18 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 6 კი „ნაცმოძრაობას“
მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 51-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არც ერთი პარტია. გამოკითხულთა 30-მა პროცენტმა კონკრეტული პარტია დაასახელა, 19-მა პროცენტმა კი აღნიშნა, რომ არ იცის ან უარი განაცხადა პასუხზე.
მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად „ქართული ოცნება“ დაასახელა გამოკითხულთა 18-მა პროცენტმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ექვსმა პროცენტმა, ასევე ექვსმა პროცენტმა დაასახელა სხვა პარტიები. 10-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არ იცის. პასუხზე უარი განაცხადა ცხრა პროცენტმა.
რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, კითხვაზე – ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, გამოკითხულთა 61-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მიიღებდა მონაწილეობას. 18 პროცენტი აცხადებს, რომ ალბათ მიიღებდა. 10 პროცენტი ნამდვილად არ მიიღებდა მონაწილეობას, ექვსი პროცენტი კი ალბათ არ მიიღებდა. 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით, 10 პროცენტით არის შემცირებული იმ რესპონდენტთა მაჩვენებელი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდნენ.
NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.