სემეკ-მა „ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 75 000 ლარით დააჯარიმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, 75 000 ლარით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა.
დაჯარიმების საფუძველია კომპანიის მიერ მრიცხველის ჩვენების არარეგულარული წაკითხვა და მოქალაქეებზე გადასახადის ერთიანად დარიცხვა, რაც წარმოადგენს წესების დარღვევას.
სემეკ-ში შემოსული, მოქალაქეთა საჩივრების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მრიცხველის ჩვენებებს იღებდა არა ყოველთვიურად, არამედ გარკვეული პერიოდულობით, რამდენიმე თვის ან/და წლის შუალედში, რის გამოც აბონენტებს ერთიანად უწევდათ რამდენიმე თვის ან წლის გადასახადის გადახდა. ამასთანავე, მომხმარებლები საჩივრებში მიუთითებდნენ, რომ 2021 წელს კომპანიის მიერ აღებულ რეალურ ჩვენებებში შესული იყო 2020 წელს მოხმარებული წყლის მოცულობებიც, რომლებიც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ დაანგარიშდა ახალი ტარიფით და არა 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ტარიფით. სემეკის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მრიცხველიანი მომხმარებლების უმეტესობის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მსგავსი ტიპის დარღვევებს.
კომპანიას განემარტა, დარღვევების აღმოუფხვრელობის ან მათი განმეორების შემთხვევაში, სემეკი იმსჯელებს კომპანიის განმეორებით დაჯარიმებაზე.