ნიკა მელია: დიახ, დიდება გმირებს, მაგრამ არ შეიძლება სიტყვით ვადიდოთ და უმოქმედობით ჩრდილი მივაყენოთ მათ ხსოვნას
“13 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ბოლო ომიდან. ქართველმა ვაჟკაცებმა თავი შესწირეს საქართველოს თავისუფლებას, ჩვენს მომავალს!”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, შავბნელი პერსპექტივისგან თავის დაღწევა ბრძოლითაა შესაძლებელი.
“13 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ბოლო ომიდან.
ქართველმა ვაჟკაცებმა თავი შესწირეს საქართველოს თავისუფლებას, ჩვენს მომავალს!
უყოყმანოდ დადეს თავი სამსხვერპლოზე სამშობლოსათვის ბრძოლაში, ბრძოლაში, რომელიც არ დასრულებულა და ახლაც გრძელდება.
ბოლო დღეებში რუსეთის მიერ გავრცელებული განცხადება სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს კვლავ დაჩოქების მცდელობა.
რუსეთი კვლავ ცდილობს ჩვენს ქცევას იმპერიის “დაჩად” – სააგარაკო გუბერნიად, სადაც ივლიან დასასვენებლად, “ხაჩაპურისთვის“..
ამ შავბნელ პერსპექტივას თავს დავაღწევთ მხოლოდ ბრძოლით.
სხვანაირად ტყუილად დაღვრილად იქცევა 13 წლის წინ და საერთოდ საუკუნეების მანძილზე, არაერთ ბრძოლის ველზე დაქცეული სისხლი.
დიახ, დიდება გმირებს, მაგრამ არ შეიძლება სიტყვით ვადიდოთ და უმოქმედობით ჩრდილი მივაყენოთ მათ ხსოვნას, გმირები უნდა ვადიდოთ ჩვენი ბრძოლით, შეურიგებლობით!”,- წერს ნიკა მელია.