მეცნიერი, მწერალი და პოეტი ვახტანგ მალაყმაძე იგივე ჰაირი ჰაირიოღლუ

XX საუკუნის თურქეთის რესპუბლიკის ეთნიკურ ქართველთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ახმედ მელაშვილის თანამოაზრესა და თანამებრძოლს, საზოგადო მოღვაწესა და მეცნიერს ვახტანგ მალაყმაძეს, რომლის თურქული ოფიციალური გვარ–სახელია ჰაირი ჰაირიოღლუ.

ვახტანგ მალაყმაძის წინაპრები, 1877-1878 წლების რუსეთ–ოსმალეთის ომის შემდეგ, სოფელ ჩიქუნეთიდან (ქვემო მაჭახელი, თანამედროვე ხელვაჩაურის რაიონი) წასულან მუჰაჯირებად და დასახლებულან ბურსის ვილაიეთის ინეგოლის რაიონის სოფელ ხეირიეში (ჰაირიე).  სოფელი ხეირიე (ჰაირიე) ეთნიკურად მთლიანად ქართველი მოსახლეობით არის დასახლებული. დაარსდა XIX საუკუნის 80-იან წლებში ქართველ მუჰაჯირთაგან. სოფელი რამდენიმე უბნისგან შედგება, ერთ–ერთის სახელი მალაყმეთია და აქ დღესაც ქვემო მაჭახლიდან ემიგრირებული ქართველთა შთამომავალი მალაყმაძეები ცხოვრობენ.

1936 წელს სოფელ ხეირიეში აჰმედ მალაყმაძესა და მის მეუღლეს აიშეს (1917-1988 წწ.) შეეძინათ ვაჟი – ვახტანგი. ვახტანგის გარდა, მშობლებს სამი ვაჟი და ერთი გოგონა ჰყავდათ – სერვეთი, საამი, ალი, სულთანი. დაწყებითი სკოლა (I-V კლასები) ვახტანგ მალაყმაძემ მშობლიურ სოფელში დაამთავრა და სწავლა ქალაქ ბურსაში განაგრძო: ჯერ სამშენებლო ტექნიკის კურსები, შემდეგ კი ბურსის ვაჟთა სახელოსნო ინსტიტუტი დაამთავრა. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, 1960 წელს ის სტამბოლის ილდიზის პოლიციის სკოლაში შევიდა სასწავლებლად და მისი დამთავრების შემდეგ სამოქალაქო თავდაცვის სფეროში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა სხვადასხვა ვილაიეთებში. დაძაბული შრომითი რიტმი 1982 წლამდე გრძელდებოდა. სამოქალაქო თავდაცვის სფეროში მუშაობის პარალელურად ვახტანგ მალაყმაძე სერიოზულ სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. იყო ინიციატორი და სულისჩამდგმელი ყოველივე ქართული საქმისა. პენსიაზე გასვლის შემდეგ კი, ძირითადად, ინეგოლში ცხოვრობდა და ქართული კულტურის გადარჩენისა და მეცნიერული შესწავლის მიმართულებით მუშაობდა.

ვახტანგ მალაყმაძემ ქართული ლაპარაკი ოჯახში ისწავლა. ჯერ კიდევ ბავშვი დიდი გულისყურით უსმენდა თანასოფლელთა საუბარს საქართველოზე, სწავლობდა ქართულ ხალხურ ლექსებსა და სიმღერებს. მოზარდობის პერიოდში აქტიურად ერთვებოდა სოფლის თავყრილობებში, მეჯლისებში, თათბირებსა და ქორწილებში. ყველგან ქართული ლექსისა და სიმღერის ახმიანებას ცდილობდა. ამ პერიოდიდან გაუჩნდა ქართული ფოლკლორის ქაღალდზე გადატანა–კორექტირების სურვილი და მისი დაფიქსირება ლათინური გრაფიკით სცადა. მალევე მიხვდა, რომ ლათინური ანბანი სრულად ვერ გამოხატავდა ქართული მეტყველების თავისებურებებს და ინეგოლის რაიონის ბიბლიოთეკებსა და არქივებში ქართული დამწერლობის, ქართველების და ქართული კულტურის შესახებ მასალების ძიება დაიწყო. ადგილობრივ საარქივო მასალებზე დაყრდნობით დავიწყების ფარდა ახადა ქართველთა მუჰაჯირობის ისტორიას, გამოავლინა ადგილობრივ მოღვაწე ქართველთა ბიოგრაფიები, აღადგინა ბურსის ვილაიეთში ქართველთა ჩასახლების ისტორია, მოიძია გამორჩეული ქართველების საფლავები, ყოველი მათგანი ძეგლით შეამკობინა, რომლებზეც ამოტვიფრულია ამ მოღვაწეთა ღვაწლი და დამსახურება.

დიდ ქართულ კულტურასთან ვახტანგ მალაყმაძის ზიარება 1951 წლიდან იწყება. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას სტამბოლის ცენტრში ქართულ კათოლიკურ სამონასტრო კომპლექსის კედელზე მან შემთხვევით თვალი მოჰკრა ქართულ წარწერას. ვახტანგ მალაყმაძე გაეცნო მონასტრის მესვეურებს და სთხოვა ქართული ანბანისა და წიგნების ჩვენება. მონასტრის ბიბლიოთეკაში ძალიან სწრაფად შეისწავლა ქართული ანბანი და სულ მცირე ხანში ქართულად წერაც დაიწყო. ამ პერიოდიდან იწყებს სამეცნიერო–პოპულარული წერილების გამოქვეყნებას როგორც თურქეთის მასშტაბით ასევე საზღავრგარეთაც. მისი წერილები დაიბეჭდა გერმანიაში შვედეთში, საფრანგეთში.

ქართველთა ეთნიკური იდენტობის გადარჩენისათვის ახმედ მელაშვილი, ვახტანგ მალაყმაძე და მათი თანამოაზრეები XX საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყებენ აქტიურ მუშაობას. 1968 წელს ახმედ მელაშვილის თაოსნობით განხორციელდა ერთ–ერთი თვალსაჩინო პროექტი, გამოიცა თურქულად დაწერილი კრებული „გურჯისტანი“. სადაც მოთხრობილია საქართველოს ისტორიის, ქართული ლიტერატურის, ხელოვნების და ფოლკორის შესახებ. კრებულში შევიდა ვახტანგ მალაყმაძის მიერ თარგმნილი იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?!“

ვახტანგ მალაყმაძემ მოამზადა, თურქულად თარგმნა და გამოსცა „ქართული საბავშვო ზღაპრები”. წიგნი ორტომეულის სახით დაიბეჭდა და გამოცემისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ვახტანგ მალაყმაძემ წელიწად–ნახევარი იშრომა ლაზთა ისტორიისა და წარმომავლობის საკითხების კვლევაზე. ერთ–ერთი პირველი ნაშრომი, რომლითაც თურქული საზოგადოება და თვით ლაზები გაეცნენ ლაზთა ისტორიის, წარმომავლობისა და კულტურის საკითხებს იყო ვახტანგ მალაყმაძის მიერ თურქულად თარგმნილი და 1992 წელს გამოცემული მუჰამედ ვანილიშისა და ალი თანდილავას „ლაზების ისტორია“. ამ ნაშრომის გავრცელებით დაიწყო ლაზთა ტრადიციული კულტურის შენარჩუნებისათვის ბრძოლა და აღნიშვნა იმ ობიექტური რეალობისა, რომ ლაზთა ეთნოგენეზის ისტორია ქართველთაგან განუყოფელია.

იგი ხანგრძლივი დროის მანძილზე მუშაობდა საქართველოს ისტორიის საკითხებზე. 1997 წელს საგამომცემლო სახლის „სორუნ იაინლარ“–ის მხარდაჭერით გამოიცა მის მიერ თურქულ ენაზე თარგმნილი ივანე ჯავახიშვილის, ნიკო ბერძენიშვილის და სიმონ ჯანაშიას „საქართველოს ისტორია“. წიგნი განმეორებით 2000 წელს გამოსცეს. 1998 წელს და განმეორებით 2005 წელს გამოიცა ვახტანგ მალაყმაძის მიერ მომზადებული, შედგენილი და თურქულად თარგმნილი ნაშრომი სახელწოდებით „ტრაპიზონიდან აფხაზეთამდე – აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ხალხების ისტორია და კულტურა“.

სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად ვახტანგ მალაყმაძე იყო აქტიური საზოგადო მოღვაწე. იგი ქართული იდენტობისა და კულტურის გადარჩენისაკენ მიმართული ყველა კეთილი წამოწყების მონაწილე, მხარდამჭერი და ხშირ შემთხვევაში ინიციატორც იყო. ვახტანგ მალაყმაძე მორწმუნე მუსლიმი გახლდათ, მაგრამ ნებისმიერ საზოგადოებრივი შეხვედრის დროს ავითარებდა აზრს, რომ მთავარი ქართველების ერთიანობაა, მიუხედავად რელიგიური განსხვავებულობისა.

ვახტანგ მალაყმაძე საქართველოში რამდენჯერმე მოიწვიეს. პირველად 1977 წელს ესტუმრა წინაპრების სამშობლოს. იგი მონაწილეობდა ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმებში, ილიასა და აკაკის საიუბილეო საღამოებში. ვახტანგ მალაყმაძეს საქართველოს კულურის სამინისტრომ სთხოვა იუნუს ემრეს ნაწარმოებების თარგმნა. მან ქართულიდან თურქულად თარგმნა ალექსანდრე ჩხაიძის პიესა „ხიდი“. პიესა ტრაპიზონის სახელმწიფო თეატრის რეპერტუარში შევიდა და ხანგრძლივი დროით დამკვიდრდა. ვახტანგ მალაყმაძეს ნათარგმნი აქვს ქართველ მწერალთა შემოქმედება, რომელიც გამოიცა სახელწოდებით „12 ქართველი მწერლის მოთხრობა“. 1960 წელს ვახტანგ მალაყმაძემ დაწერა ლექსი –  “ბედნიერების მათხოვრები”, რომელიც მთელ თურქეთში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამ ლექსზე დაიწერა მუსიკა და იგი 60-იანი წლების პოპულარულ სიმღერად იქცა.

ვახტანგ მალაყმაძის მეუღლე, ეთნიკურად ქართველი, ინეგოლის რაიონიდან იყო. ჰყავდათ სამი შვილი: ორი ვაჟი და ქალიშვილი. 1987 წელს გაუკვეველ ვითარებაში დაიღუპა ვახტანგ მალაყმაძის 17 წლის ვაჟი – გიურქანი. მეორე ვაჟს – ვაჟა (გიურჯა) მალაყმაძეს სამი შვილი ჰყავს: არჩილი, თამარი დ ლაშა. ქალიშვილი ნესტანი (ნესრინი) ქართველზეა გათხოვილი და ორი შვილი ჰყავს. ვახტანგ მალაყმაძის შთამომავლები ინეგოლის რაიონში ცხოვრობენ.

სიცოცხლის ბოლო წლებში ვახტანგ მალაყმაძემ მხედველობა დაკარგა. ეს მისთვის დიდი ტრაგედია იყო, ვინაიდან დაძაბულ, ინტენსიურ სამეცნიერო მუშაობას მოწყურებულს, კითხვის საშუალებაც აღარ ჰქონდა. გარდაიცვალა 2002 წელს. დაკრძალულია ქალაქ ინეგოლის მაჰმუდიეს სასაფლაოზე.

2017 წელს ვახტანგ მალაყმაძის არქივი და ბიბლიოთეკა გადაეცა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას. ეროვნული ბიბლიოთეკის ორიენტალისტიკის დარბაზს კი ჰაირი ჰაირიოღლუს სახელი მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები