იაგო ხვიჩია: წინასაარჩევნოდ „ქოცებსა“ და „ნაცებს“ შორის დაპირისპირებას არ ავყვებით, ადამიანების პრობლემებზე ვისაუბრებთ
“წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენი მთავარი სტრატეგია იქნება არა „ქოცებსა“ და „ნაცებს“ შორის დაპირისპირების აყოლა, არამედ იმის მცდელობა, რომ ადამიანების პრობლემებზე ვისაუბროთ”, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს “გირჩის” ლიდერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, წინასაარჩევნოდ „გირჩის“ სტრატეგიაა ადეკვატური მოქცევა, რადგან ჯერ არ იციან, ქვეყანაში რა პოლიტიკური თამაში იქნება.
„ასე ვერ ვიფიქრებდით შარლ მიშელის შეთანხმებიდან ხელისუფლების გასვლას, ოპოზიციის პარლამენტში ხან შესვლას, ხან გამოსვლას. ჩემზე აღარ მუშაობს დამოკიდებულება, რომ კაი კაცია და მის გვერდით დადექი, ამ პროცესში საჭიროა იდეა. იდეა ოპოზიციას არ აქვს და მის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევს“, – განაცხადა ხვიჩიამ.