საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ბაგრატის ტაძარში არსებულ პრობლემებს გაეცნო

 საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბაგრატის ტაძარი მოინახულა და ადგილზე გაეცნო ტაძარში არსებულ მდგომარეობას. თეა წულუკიანმა კულტურული მემკვიდრეობისა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან, სასულიერო პირებთან და არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძესთან ერთად იმსჯელა ტაძრის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრის გზებზე.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე 2009-2012 წლებში ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად შექმნილია ინფრასტრუქტურული პრობლემები როგორც გადახურვისა და ფასადის მიმართულებით, ისე ტაძრის შიდა სივრცეში, სადაც გადახურვის პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გუმბათიდან წყალი ჩაედინება. ტაძრის სპილენძის სახურავიდან წვიმის დროს ჩამონადენი ნივთიერება მწვანედ ღებავს და აზიანებს ფასადის კედლებს, რაც შეძენილი მასალის უხარისხობაზე შეიძლება მიუთითებდეს. სამინისტროს ინიციატივით დაინიშნა ექსპერტიზა, რათა დადგინდეს დაზიანებული ქვების გაწმენდის გზა. თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ სამინისტროს ძალისხმევის შედეგად წლის ბოლომდე ბაგრატის ტაძარში არსებული პრობლემები ეტაპობრივად აღმოიფხვრება.

შეგახსენებთ, ბაგრატის საკათედრო ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში 2009 – 2012 წლებში სახელმწიფოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან და მის მრჩეველ ორგანოებთან შეთანხმების გარეშე განხორციელდა, რასაც შედეგად მოჰყვა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილება ბაგრატის საკათედრო ტაძრისა და გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში შეყვანის შესახებ. სახელმწიფოს მიერ სამუშაოების დაჩქარებულ ტემპში წარმოებამ ბაგრატის საკათედრო ტაძარი და  გელათის სამონასტრო კომპლექსი 2012 წელს საბოლოოდ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების გარდაუვალი რეალობის წინაშე დააყენა. 2017 წელს, მთავრობის მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების შედეგად, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას დამოუკიდებლად დაუბრუნდა მხოლოდ გელათის სამონასტრო კომპლექსი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები