მიხეილ სარჯველაძე: მიშელის დოკუმენტის მთავარი დანიშნულება პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის მიღწევა იყო, როცა „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ვხედავთ დოკუმენტისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს, მას დანიშნულება ეკარგება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 19 აპრილის დოკუმენტის მთავარი დანიშნულება პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის მიღწევა იყო.

თუმცა, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დოკუმენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების პირობებში აღნიშნულ დოკუმენტს დანიშნულება ეკარგება.

„ფაქტის დონეზე განსახილველია, რომ ამ დოკუმენტის მთავარი დანიშნულება იყო, პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსი მიღწეულიყო. შესაბამისად, ყველა პოლიტიკური აქტორი გაერთიანებული ყოფილიყო ამ დოკუმენტის ირგვლივ და გარკვეულ თამაშის წესებზე შეთანხმებულიყო. როდესაც ჩვენ ვხედავთ ყველაზე დიდად მხარდაჭერილი ოპოზიციური პარტიის მხრიდან ამ დოკუმენტის ბოიკოტს, ასეთ პირობებში საფუძველი და დანიშნულება ეკარგება ამ დოკუმენტს. აქედან გამომდინარე მიღებული იყო ეს გადაწყვეტილება, რაც რელევანტური და აბსოლუტურად მართალია. ამ დოკუმენტის მეშვეობით ყველა აქტორის გაერთანება როცა ვერ ხერხდება და ამაში ბრალი მიუძღვის თავიდან და ბოლომდე „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ ფონზე მთავარი, ვინც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამაზე, გახლავთ სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისათვის, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გუშინ გააკეთა. კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები