“არ გამოვრიცხავ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს, ქვეყანაში უნდა დამთავრდეს “გადაგდებების” სერია”
“ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის ხელშეკრულების ანულირებით ხელისუფლება რუსეთის გზას დაადგა.
ხაზარაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას არ გამორიცხავს.
“ქართულმა ოცნებამ” კარგად იცის თავის რეიტინგი და იმიტომ გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან, რომ ისინი 43%-ს ვერ დააგროვებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ჩვენ ოპოზიციურ პარტნიორებს, სასწრაფოდ დავიწყოთ კონსულტაციები.
ჩვენ უკვე ხაზზე ვართ ჩვენ საერთშორისო პარტნიორებთან. ამ ყოვლად უპასუხისმგებლო დესტრუქციულ განცხადებას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა, არ მივცემთ საშუალებას, რომ ცხოვრებაში გატარდეს. ჩვენ ოპოზიციურ პარტნიორებთან ერთად, ძალიან წყნარად, მშვიდ ვითარებაში მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა.
არ გამოვრიცხავ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ხელშეკრულების, სიტყვის უპატივცემულობა, გადაგდებების სერია, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანას მიაქანებს რუსეთის იმპერიისკენ. შარლ მიშელის ხელშეკრულებით გვაქვს არჩევანი, ან ქვეყანა განვითარდება ევროპული ვექტორის მიმართულებით და დაიწყება ქვეყანაში სრული წინსვლა, რეფორმები. დღეს “ქართულმა ოცნებამ” დაადასტურა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლით აირჩია რუსეთის გზა”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.