გივი მიქანაძე: ყველა პროცესი, რომელიც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ წარმართა, იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის
„გადათვლის შედეგად მიღებული შედეგები შევადარეთ იმ შედეგებს, რაც ცესკოს მიერ ატვირთული იყო საბოლოო შემაჯამებელი ოქმების სახით და მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რაც კომისიამ დაადგინა. განსხვავებები იყო იმდენად მიზერული, რომ არანაირი გავლენა არ შეიძლება მოეხდინა არჩევნების შედეგებზე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიამ 16 სამუშაო შეხვედრა გამართა, სხვადასხვა უწყებას მიმართა 22 წერილით და მათგან მიიღო შესაბამისი პასუხები. „თავიდანვე განისაზღვრა კონკრეტული მეთოდოლოგია, რომლითაც უნდა განხორციელებული ყო საგამოძიებო კომისიის საქმიანობა. ამ კუთხით, საგამოძიებო კომისიამ მაქსიმალური აქცენტი გააკეთა ყველაზე პრობლემურ უბნებზე. ანუ უბნებზე, სადაც დაფიქსირდა ყველაზე დიდი დისბალანსი ნაკლებობით და მეტობით.
ყველა ის პროცესი, რომელიც წარიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ, იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ყველა უბნის შერჩევა, სადაც ჩატარდა გადათვლა, მოხდა საჯაროდ, მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე პარლამენტს კომისიის დასკვნას აცნობს.
31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია ფრაქცია „ქართული ოცნების” ინიციატივით შეიქმნა.
კომისიამ ოთხი დეპუტატის შემადგენლობით იმუშავა, რომლებიც „ქართული ოცნებიდან” და ასევე, „ევროპელი სოციალისტებიდან” იყვნენ წარდგენილნი.