დღეს ფესტივალი Art-გენი 2021-ის თბილისის ტური ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურება

დღეს ფესტივალი Art-გენი 2021-ის თბილისის ტური ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურება.

ფესტივალი  Covid რეგულაციების გათვალისწინებით, 16 ივლისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „სუხიშვილების” კონცერტით გაიხსნა.

გამოფენების და ფოლკლორული კონცერტების შემდეგ, ფესტივალმა  „გაგა ფრანის”,  Reggaeon-ის,  ბენდი „ჩვენებურების”,  ლელა ნაყეურის და ნინო ქათამაძის დასკვნით კონცერტებს უმასპინძლა.

ასევე გაიმართა „ჰოროლის” ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრალიზირებული წარმოდგენა.

წელს რეგიონული ტურნე, თბილისის ტურის დასრულების შემდეგ, 31 ივლისს, პანტიანის ტბაზე გაიმართება. წელს, ფესტივალ Art-გენს 18 წელი შეუსრულდა . Art-გენის მთავარი მხარდამჭერია „ავერსი” ,  გენერალური პარტნიორი „ნიკორა”, ფესტივალი იმართება,   „TBC ბანკის”,  კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს; თბილისის მერიის;   „ნატახტარის” „ნაბეღლავის” და „მილდიანის” მხარდაჭერით. მედიაპარტნიორები არიან: პირველი არხი, რადიო  „უცნობი”  და „არ დაიდარდო”.

ფესტივალი Art-გენი 2004 წელს დაფუძნდა. წლების მანძილზე ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა.

ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით Art-გენს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. ერთ-ერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა და განვითარებისთვის მეტი მოტივაცია შეუქმნა.

წლების მანძილზე Art-გენმა არაერთი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრი ჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარ ტრამპლინად იქცა. ფესტივალი წელსაც საინტერესო სიახლეებს სთავაზობს მაყურებელს.

ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. ამიტომ რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, Art-გენი ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ლოკაციის ადგილებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები