გიორგი კეპულაძე: საპენსიო ტენდერის დაშლის საკითხით პოლიტიკოსების დაინტერესება პოპულისტური თემაა

“წლების განმავლობაში “ლიბერთი” იყო ერთადერთი ბანკი, რომელიც აკმაყოფილებდა სახელმწიფოს მიერ წაყენებულ პირობებს, რომ ყველა პენსიონერმა შეუფერხებლად მიიღოს კუთვნილი პენსია.  მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის ორი უფრო დიდი კომერციული ბანკი, მათ არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა – ფილიალები და სპეციალური სერვისცენტრები, რომ ყველა პენსიონერს მოემსახურონ. კერძოდ, მათ, ვისაც არ შეუძლია რაიონულ ცენტრში არსებულ ფილიალებში ჩასვლა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილზე მიუტანოს პენსია“,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ დაახლოებით, 200 000-მდე პენსიონერი, ანუ ჯამურად პენსიონერების თითქმის ერთი მეოთხედი, ცხოვრობს ისეთ სოფლებში, სადაც არც ერთი ბანკის ფილიალი და ბანკომატი არ არის. ამ ადამიანების საპენსიო უზრუნველყოფას დამატებითი ხარჯები სჭირდება, კომერციული ბანკის მხრიდან.

“ხანდაზმულთათვის პენსია არასდროს დაგვიანებულა. პენსიის გაცემის საკითხში შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ლიბერთი” ნორმალურად ართმევს ამას თავს. ძირითადი დაინტერესება და განცხადებები პოლიტიკოსთა მხრიდან გაჩნდა მას შემდეგ, რაც ბაზარზე გამოჩნდა ე.წ. საპენსიო სესხები. როგორც “ლიბერთიმ” განმარტა, ის საპროცენტო განაკვეთი, რაც არის დაახლოებით 30%, არის ის ეკონომიკურად გამართლებული, საბაზრო განაკვეთი, რითიც შეძლებენ ამ სესხების მომსახურებას, თუმცა ისიც გვახსოვს, რომ წლების წინ ეს განაკვეთი 100%-მდეც აღწევდა და დინამიურად შემცირდა ბოლო წლებში“, – განმარტავს კეპულაძე.

“საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი საპენსიო ტენდერის დაშლის საკითხის გააქტიურებას მოახლოებულ არჩევნებს და წინასაარჩევნო პოპულიზმს უკავშირებს.

„საკითხით პოლიტიკოსების დაინტერესებას რაც შეეხება, ეს უფრო პოპულისტური თემაა. თუ მთავრობა წინასაარჩევნოდ ეცდება, რომ ეს პოლიტიკური თემა გადაწყვიტოს, ისე, როგორც მისთვის პოლიტიკურად იქნება მომგებიანი, ამით ალბათ მხოლოდ პოლიტიკოსები მოიგებენ, თუმცა პენსიონერები შეიძლება დაზარალდნენ ამ საპენსიო ტენდერის დაშლით, რადგან მნიშვნელოვანია, რომ თავად პენსიების დარიგების საკითხი გააზრებულად გადაწყდეს – როგორც პენსიონერების ინტერესის, ისე სახელმწიფოს ინტერესის გათვალისწინებით. ამ პროცესზე წინასაარჩევნო პოპულიზმმა არ უნდა გაიმარჯვოს, რადგან შეიძლება დაზარალდნენ პენსიონერები. უნდა გავითვალისწინოთ, რომ პენსიონერებს, ზოგადად, სხვა ბანკები სესხებს საკმაოდ რთულად აძლევენ,” – აცხადებს გიორგი კეპულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები