5 ივლისს დაშავებული ოპერატორი: მხედველობა ორივე თვალიდან თითქმის აღდგენილი მაქვს, მოვითხოვ, მკაცრი ზომები იყოს გამოყენებული, რათა მსგავსი ძალადობა მედიაზე აღარ განმეორდეს

“ბოლოს ჩატარებული ყველა კვლევა დამაკმაყოფილებელია, მხედველობა ორივე თვალიდან თითქმის აღდგენილი მაქვს”, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ოპერატორი, ილია თვალიაშვილი წერს, რომელიც 5 ივლისს დაშავდა.

თვალიაშვილი მოითხოვს, მკაცრი ზომები იყოს გამოყენებული, რათა მსგავსი ძალადობა მედიაზე აღარ განმეორდეს.

,,ჩემო მეგობრებო და უსაყვარლესო ადამიანებო, პირველ რიგში, თითოეულ თქვენთაგანს ღრმა პატივისცემა და დიდი მადლობა ყურადღებისთვის და იმ სიყვარულისთვის რაც გვერდში დგომით გამოხატეთ. მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხე, აქამდე დამეწერა ეს პოსტი.

კარგად ვარ, ბოლოს ჩატარებული ყველა კვლევა დამაკმაყოფილებელია. მხედველობა ორივე თვალიდან თითქმის აღდგენილი მაქვს, თუმცა, ვაგრძელებ მკურნალობას სრულყოფილ გამოჯანმრთელებამდე.
დიდი პატივისცემა და მადლიერება მინდა, გამოვხატო საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისა და მთელი გუნდის მიმართ, რომლებიც სრულად ჩართული იყვნენ და არიან ჩემი გამოჯანმრთელების პროცესის თითოეულ ეტაპზე.

რა თქმა უნდა, ჩემი მოთხოვნაა, ობიექტურად და მიკერძოების გარეშე დაისაჯოს ყველა მოძალადე და მათი წამხალისებლები, რომლებმაც ჩემზე და ჩემს კოლეგებზე ფიზიკურად იძალადეს. მოგვაყენეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი.

უმძიმესია ჩვენი მეგობრისა და კოლეგის, ლექსოს სიკვდილი! მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალების მიზეზის გამოძიება არ დასრულებულა, ჩემთვის ის ამ ძალადობის მსხვერპლია!

მოვითხოვ, როგორც ერთ-ერთი დაზარალებული, მკაცრი ზომები იყოს გამოყენებული, რათა მსგავსი ძალადობა აღარ განმეორდეს მედიაზე! ლექსოს ადგილზე ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ყოფილიყო!!
კიდევ ერთხელ დიდ მადლბას გიხდით ყველას თანაგრძნობისთვის და ყოველდღე გვერდში დგომისთვის. ძალიან მიყვარხართ ყველა,რადგან ეს დღეები თქვენთან ერთად გავიარე.

მინდა, დიდი პატივისცმით გთხოვოთ, ჩემთან ინფორმაციის დაზუსტების გარეშე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მეგობრები და საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ”, – წერს ილია თვალიაშვილი.

ცნობისთვის, ილია თვალიაშვილი საქართველოს პირველი არხის ოპერატორია, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები