კახა კუჭავა: არასწორი ინფორმაციაა, თითქოს, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ავუკრძალე შემოსვლა, მათ შეეძლოთ, მოემართათ
“არასწორი ინფორმაციაა, თითქოს, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ავუკრძალე შემოსვლა, მათ შეეძლოთ, მოემართათ”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებებს.
კუჭავა განმარტავს, თუ რატომ ვერ შეძლეს პარლამენტში შესვლა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
„არასწორი ინფორმაციაა, თითქოს, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ავუკრძალე შემოსვლა, მათ შეეძლოთ, მოემართათ. პრესკონფერენციას ნებისმიერი ჩაატარებს, თუ ამის სურვილი ექნება, მაგრამ, ზოგადად, მოქმედებს წესი, რომელიც არ არის ახალი და არ ხდება მხოლოდ დღეს ან გუშინ – როდესაც საფრთხე ექმნება სხდომის ჩატარებას, აუცილებელია უსაფრთხოების ზომები იქნას მიღებული. ამის სამწუხარო პრეცედენტი ჩვენ გვქონდა, მათ შორის, უშუალოდ დეპუტატების მონაწილეობით. ამიტომ, კონკრეტულად შეზღუდვა არავის ჰქონია, შეიზღუდა ვიზიტორების შემოსვლა, როგორც ხდება ბოლო ორი რიგგარეშე სხდომის მსვლელობის დროს. არაფერი ახალი ამაში არ არის. ეს შეიძლება, განხორციელდეს ნებისმიერ დროს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ არის მიზანმიმართული მცდელობა და ჩვენ გვახსოვს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებები, რომ ვახტანგ გომელაურის მოსმენა და მისთვის კითხვების დასმა მათ არ სურდათ და უნდოდათ, სხდომა ჩაეშალათ. ეს არის სამწუხარო რეალობა. ამას თვალი უნდა გავუსწოროთ და ამას ხალხიც ხედავს.
როდესაც იქნება მსგავსი შემთხვევა, მე ყოველთვის მზად ვარ, ინდივიდუალურადაც განვიხილო და ნებისმიერს მიეცეს საშუალება, საპარლამენტო ფორმატი გამოიყენოს, თუ შესაბამისი წესრიგი იქნება და არანაირი პრობლემა არ მაქვს არცერთ იმ ორგანიზაციასთან, რომელიც ჩამოთვალეთ. ნამდვილად მივესალმები ქალბატონი ნინო წილოსანის შემოთავაზებას, განხილული იქნას ეს საკითხი და შემდეგ გაკეთდეს განცხადებებიც, დაგმობაც და ასე შემდეგ – ყველაფერი, რაც საჭირო იქნება. ფაქტი ერთია, თქვენ, ნამდვილად ხართ პროევროპელი და გამოცდილებაც იცით სხვა ქვეყნებში, ის, რაც ბოლო ორი რიგგარეშე სხდომის დროს ხდება, მათ შორის, ძალადობაზე რომ ლაპარაკობთ, ან ძალის გამოყენებაზე, მისაღები რამენაირად არის“, – განაცხადა კუჭავამ.