ხათუნა სამნიძე: კიდევ უფრო მკაცრი და ინტენსიური იქნება გამოხმაურებები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან
ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ის საკითხები დაასახელა, რის შესახებაც შეხვედრაზე შედგება საუბარი.
მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან გამოხმაურებები კიდევ უფრო მკაცრი იქნება.
„რა თქმა უნდა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ დოკუმენტზე არ იქნება, რომელსაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან ხელი მოეწერა. არ იქნება საუბარი მხოლოდ იმ პუნქტებზე, რომელთა დარღვევასაც „ქართული ოცნება“ ყველა ჯერზე ცდილობს. ჩვენ, რა თქმა უნდა, 5 და 6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბრებთ, რომელსაც ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანთან პირდაპირი კავშირი აქვს. ასევე, ჩანს საპატრიარქოსა და ხელისუფლების ერთობლივი ორგანიზება ამ დაძაბულობის. ყველა ერთობლიობა, კომბინაცია მთელი ამ მოვლენების იქნება ჩვენი სასაუბრო თემა და მე იმედი მაქვს, იქედან გამომდინარე, რა ინტენსივობითაც აკვირდებიან ჩვენი პარტნიორები აქ მიმდინარე მოვლენებს, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მეტი ინფორმაცია ექნება პრეზიდენტ მიშელს. მე მგონი, იმაზე მკაცრი გზავნილები იქნება, რაც ამ დღეებში წავიკითხეთ 5 ივლისთან, შარლ მიშელის დოკუმენტის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. კიდევ უფრო მკაცრი, კიდევ უფრო ინტენსიური იქნება გამოხმაურებები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა სამნიძემ.