ირაკლი კობახიძე: სხდომის დასრულებასთან დაკავშირებით ლოგიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის მიზანი იყო, ოპოზიციას 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრისთვის კითხვების დასმისა და პასუხების მიღების საშუალება ჰქონოდა.
მისივე თქმით, როცა ოპოზიცია აჩვენებს, რომ მას არ აქვს კითხვები და არ აინტერესებს პასუხები, მოსმენას აზრი ეკარგება, შესაბამისად ასეთ პირობებში სხდომის დასრულებასთან დაკავშირებით ლოგიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
„ვახტანგ გომელაური პარლამენტში მოვიდა, რათა პასუხები გაეცა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებზე. ჩვენ ისედაც გვაქვს საშუალება, ვახტანგ გომელაურს, რომელიც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრია, კითხვები დავუსვათ. ბუნებრივია, ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვსვამდით კითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრთან და ვიღებდით მისგან პასუხებს, ბუნებრივია, ამის საშუალება გვაქვს მომავალში. სხდომის მიზანი იყო, რომ ოპოზიციას ჰქონოდა კითხვების დასმის და პასუხების მიღების საშუალება. როდესაც ოპოზიცია აჩვენებს, რომ მას არ აქვს კითხვები და არ აინტერესებს პასუხები, ასეთ დროს, ბუნებრივია, მოსმენას აზრი ეკარგება, შესაბამისად, ლოგიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული სხდომის დასრულებასთან დაკავშირებით. ეს არის ამორალური პროტესტი, რომელიც მართულია კონკრეტული პარტიის და ამ პარტიის კუთვნილი ტელევიზიების მხრიდან. სამწუხაროა, რომ რიგითი ჟურნალისტებიც ჰყავთ ამ პროტესტში ჩართული, როდესაც ხდება მანიპულირება ისეთი თემებით, რომელზეც არ შეიძლება მანიპულირება და სპეკულირება, ეს არის ამორალური ქმედება. მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ამ ამორალურ ქმედებებს, რაც ძალიან მალე დასრულდება, ამის შემდეგ აღდგება ნორმალურ რეჟიმში ურთიერთობები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.