მამუკა მდინარაძე: პროტესტის გამოხატვის უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ ჟურნალისტსა და პოლიტიკოსს შორის ზღვარი თუ წაიშალა, ასეთი პრეცედენტები პირველ რიგში მათ დააზიანებს
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, პროტესტის გამოხატვის უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ ჟურნალისტსა და პოლიტიკოსს შორის ზღვარი თუ წაიშალა, ასეთი პრეცედენტები პირველ რიგში მათ დააზიანებს.
მისივე თქმით, ადამიანის გარდაცვალების და ოჯახის ტრაგედიის ბინძურად გამოყენება მიუღებელია.
„პროტესტის გამოხატვის უფლება ჟურნალისტს კი არა, ნებისმიერს აქვს, მაგრამ როდესაც ჟურნალისტი დაკავებულია პოლიტიკური აქტივობით და ეს ზღვარი თუ წაიშალა, ასეთი პრეცედენტები ქვეყანამდე პირველ რიგში თქვენ დაგაზიანებთ. ამ ყველაფერს რა ამძიმებს? ამ ყველაფრის საფუძველი ამორალურია, როდესაც გარდაცვლილია ახალგაზრდა ადამიანი, თქვენი კოლეგა, ასპროცენტიანი არ შეგვიძლია, ვთქვათ გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ უკვე ყველა ვხვდებით და წინასწარ ისეთი ვერსიები დადეს, რომ შსს იძულებული გახადეს, სიმართლე ეთქვა. ამ სიმართლეზე უჯავრდებიან, ამუნათებენ, ეუბნებიან, როგორ გაბედე კადრის დადება. ასეთი ბინძური მეთოდებით იბრძვიან სიმართლის წინააღმდეგ. სიმართლე არ არის მათ მხარეს და როდესაც თქვენი კოლეგის გარდაცვალების და ოჯახის ტრაგედიას ასე ბინძურად იყენებენ, მით უმეტეს მიუღებელია, როდესაც ამორალური საფუძველი აქვს ამ ყველაფერს. დავანებოთ ამ საფუძველს თავი, მაგრამ ჟურნალისტსა და პოლიტიკოსს შორის ზღვარი იშლება, ასეთი პრეცედენტი პირველ რიგში ჩვენ არ უნდა დავუშვათ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.