ხათუნა სამნიძე: ვითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც გამოიძიებს როგორც 5 ივლისამდე არსებულ მდგომარეობას, ისე 5-6 ივლისს მომხდარ თითოეულ ფაქტს
“ჩვენ ვითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც გამოიძიებს როგორც 5 ივლისამდე არსებულ მდგომარეობას, თუ როგორ ორგანიზდებოდა ძალადობა, ასევე, 5-6 ივლისს მომხდარ თითოეულ ფაქტზე იქნება გამოძიება”, – ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ მინისტრთან ერთად გადაწყვიტა, რომ არ მოსულიყო პარლამენტში კომიტეტზე და არ გაეცა შეკითხვებზე პასუხი. ორჯერ მივიწვიეთ ის პარლამენტში. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ სესიის ფარგლებში მოესმინა, სადაც ჟურნალისტებს არ გქონდათ რეგლამენტით შეკითხვების დასმის საშუალება. ასეთ ვითარებაში ბუნებრივია ჟურნალისტების პროტესტი, რომელიც გამოიხატა კონკრეტული ბანერის გადმოფენით. ასეთ რეალობაში ხელისუფლებას არ აქვს უნარი ადეკვატურად შეაფასოს ვითარება. ყველამ ერთად ვიხილეთ, რომ მინისტრს ეშინია მშვიდობიანი, ჩუმი პროტესტის ფონზე კითხვებს პასუხი გასცეს. „ქართულმა ოცნებამ“ ნახა მიზეზი, შეუქმნა სრული კომფორტი საკუთარ მინისტრს და გააპარა დღევანდელი შეკითხვებისგან. ამიტომ მივმართავ ოპოზიციურ კოლეგებს, რომლებმაც იხილეს ჩვენთან ერთად, რომ მინისტრი არის მშიშარა ისევე, როგორც მთელი მმართველი უმრავლესობა და არის თანამონაწილე იმ ძალადობის, რაც ვიხილეთ 5 ივლისს. ჩვენ ვაინიცირებთ საგამოძიებო კომისიას, რომელიც გამოიძიებს, როგორც 5 ივლისამდე არსებულ მდგომარეობას, თუ როგორ ორგანიზდებოდა ძალადობა, ასევე, 5-6 ივლისს მომხდარ თითოეულ ფაქტზე იქნება გამოძიება, სად არის ორგანიზებული ძალა, სად არის რუსული ხელი და ფინანსები, ყველა ამ საკითხზე ვაპირებთ ვაწარმოოთ გამოძიება და გვჭირდება ოპოზიციონერი კოლეგების მხარდაჭერა, ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ასე ვერ გაიქცეს და ვერ გაიპაროს შს მინისტრი”, – განაცხადა სამნიძემ.