აშშ-ში პოლიციელებს დაკითხვის დროს მოზარდების შეცდომაში შეყვანა აუკრძალეს
აშშ-ის ილინოისის შტატში პოლიციელებს დაკითხვის დროს ბავშვების მოტყუება ან ინფორმაციის დამახინჯება აუკრძალეს.
The Washington Post-ი წერს, რომ შესაბამის კანონს ხელი შტატის გუბერნატორმა, ჯეი პრიცკერმა მოაწერა.
კანონი ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან შედის.
კერძოდ, პირველი იანვრიდან ილინოისის შტატის პილიციელებს ეკრძალებათ დაკითხვის დროს, აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, სასჯელის შემსუბუქების პირობის მიცემა, ასევე, არასრულწლოვნის წინააღმდეგ მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, მათ არსებობაზე საუბარი.
აღინიშნება, რომ ილინოისი აშშ-ის პირველი შტატია, სადაც ასეთი აკრძალვა იმოქმედებს.
ქვეყანაში დაკითხვის დროს მოტყუების ტაქტიკის გამოყენება დაშვებულია და მას ძალოვანები ფართოდ იყენებენ. ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, არასრულწლოვნების შემთხვევაში ამგვარი მეთოდები ხშირად ცრუ აღიარებებითა და სასამართლო შეცდომებით მთავრდება.
ილინოისის შტატის გუბერნატორის თქმით, კანონი უზრუნველყოფს ყველაზე დაუცველი ფენების უფლებების დაცვას.
შტატის პროკურორმა, კიმ ფოქსმა საკანონმდებლო აკრძალვას მხარი დაუჭირა. მისი თქმით, ”ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას წარსულის შეცდომების გამოსწორებაზე”.