ავაკოვი “ავაკოვის კაცით” შეცვალეს – უკრაინას ახალი შს მინისტრი ჰყავს

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის შს მინისტრად მმართველი პარტიის – “ხალხის მსახურის” წევრი, პარლამენტის სამართალდამცავი საქმიანობის კომიტეტის თავმჯდომარე, დენის მონასტირსკი დაამტკიცა.

მას მხარი 271 პარლამენტარმა 226-ის წინააღმდეგ დაუჭირა.

უკრაინის ყოფილმა შს მინისტრმა, არსენ ავაკოვმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება 13 ივლისს დაწერა, მოგვიანებით კი გახდა ცნობილი, რომ მან ეს “პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნის საფუძველზე გააკეთა”.

რაც შეეხება ახალ მინისტრ დენის მონასტირსკის – ის 2019 წელს ზელენსკის გუნდის წევრის ექსპერტად წარადგინეს სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების საკითხებში, შემდგომ რადაში პროფილური კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა.

უკრაინული მედია დენის მონასტირსკის “ავაკოვის კაცად” მოიხსენიებს.

მონასტირსკი ფიგურირებდა სკანდალში “დეკლარაციებში ტყუილისთვის” სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო.

ამას გარდა, მონასტისრსკის ადანაშაულებდნენ კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტისთვის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საშუალებას მისცემდა A კატეგორიის თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებას მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლი მკაფიოდ აღნიშნავს, რომ A კატეგორიის ოფიციალური პირების კორუფციულ საქმეებს იძიებს ანტიკორუფციული ეროვნული ბიურო, ხოლო ყველა სხვა დანაშაულს – გამოძიების სახელმწიფო ბიურო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები