“დავიცავთ კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას” – მერკელმა და ბაიდენმა “ვაშინგტონის დეკლარაციას” მოაწერეს ხელი
აშშ-ის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა, თეთრ სახლში მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, “ვაშინგტონის დეკლარაციას” მოაწერეს ხელი.
დოკუმენტის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ პირობა დადეს, რომ დაიცავენ კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიასა და კეთილსინდისიერ მმართველობას მთელს მსოფლიოში.
ორივე ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ გერმანია და შეერთებული შტატები დაიცავენ ღია სამყაროს, განაგრძობენ მუშაობას “თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის სახელით” და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ახალი ტექნოლოგიები მიმართული იყოს თავისუფლების მხარდაჭერაზე და არა – მის ჩახშობაზე. გარდა ამისა, დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ორივე ქვეყანა “აცნობიერებს ლიდერობის პასუხისმგებლობას გლობალური პრობლემების გადაჭრის პროცესში”.
ორმხრივი ურთიერთობების მტკიცე დემონსტრირების სახით, ბაიდენმა და მერკელმა გადაწყვიტეს, ჩამოეყალიბებინათ აშშ-გერმანიის ფორუმი მომავლის შესახებ, რომელიც სრულად გამოიყენებს სამეცნიერო ინოვაციებს და განსაზღვრავს მსოფლიოს მომავალს.
გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ გამოაცხადეს ამერიკა-გერმანიის ეკონომიკური დიალოგის დამყარების შესახებ ”კრიტიკულ ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობის ხელშესაწყობად”.
როგორც პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა განაცხადა, ეს არის “დოკუმენტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას ძლიერი დემოკრატიული პრინციპების მიმართ, რომლებსაც ემყარება ჩვენი ქვეყნები, ასევე, იმას, თუ როგორ გამოვიყენებთ მათ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებზე პასუხის გაცემის დროს. ჩვენს ქვეყნებს ესმით, საჭიროა იმის მტკიცება, რომ დემოკრატიებს შეუძლიათ, დააკმაყოფილონ ჩვენი ხალხის საჭიროებები XXI საუკუნის მეორე კვარტალში. ჩვენ დავიცავთ დემოკრატიულ პრინციპებსა და უნივერსალურ უფლებებს მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ ჩინეთი ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა მუშაობს იმაზე, რომ თავისუფალ და ღია საზოგადოებებს ძირი გამოუთხაროს”.