ბაიდენი: რუსეთმა ენერგორესურსები მეზობლების წინააღმდეგ იარაღად არ უნდა გამოიყენოს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი შეთანხმდნენ, რომ შეეწინააღმდეგებიან რუსეთის მცდელობებს, გამოიყენოს “ჩრდილოეთ ნაკადი-2”-ის მილსადენი იარაღად მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ, როგორიცაა უკრაინა.

ამის შესახებ CNBC იტყობინება.

“ერთობლივად დავიცავთ ნატო-ს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის აგრესიისგან. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი შეშფოთება “ჩრდილოეთ ნაკად-2″-თან დაკავშირებით. კანცლერი მერკელი და მე ერთნი ვართ იმ პოზიციაში, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოიყენოს ენერგორესურსები იარაღად მეზობლებზე ზეწოლის მოხდენის მიზნით ან მათი დაშინების”, – თქვა ჯო ბაიდენმა.

რუსეთი ჩქარობს მილსადენის მშენებლობის დასრულებას, რომლის საშუალებითაც რუსული გაზი გერმანიას მიეწოდება, ხოლო უკრაინა დაკარგავს იმ თანხას, რომელსაც ქვეყანა ამჟამად იღებს რუსეთიდან გაზის ტრანზიტისთვის.

როგორც ანგელა მერკელმა საპასუხოდ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიასა და შეერთებული შტატებს მილსადენთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ, ბერლინი უკრაინას კვლავინდებურად განიხილავს იმ ქვეყნად, რომლის გავლით ხორციელდება რუსული გაზის ტრანზიტი.

ბაიდენი ეწინააღმდეგება მილსადენის დასრულებას, რადგან შიშობს, რომ ეს საშუალებას მისცემს მოსკოვს, მოიპოვოს გაზრდილი პოლიტიკური ბერკეტები ევროპის სხვა ქვეყნებზე და მეტი კონტროლი – ენერგორესურსებზე.

თუმცა, მაისში, ბაიდენმა უარი თქვა სანქციებზე, რომელიც შვეიცარიული კომპანიისთვის – Nord Stream 2 AG-სთვის იყო დაწესებული – კომპანიისთვის, რომელიც მილსადენის პროექტს მართავს. Nord Stream 2 AG “გაზპრომს” ეკუთვნის.

“ჩემი შეხედულებები Nord Stream 2-თან მიმართებით უკვე ცნობილია. შესაძლებელია წინააღმდეგობები კარგ მეგობრებს შორის, მაგრამ იმ დროს, როდესაც მე პრეზიდენტი გავხდი, მილსადენი 90% -ით იყო დასრულებული და სანქციების დაწესებას აზრი არ ჰქონდა”, – განმარტა აშშ-ის პირველმა პირმა.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი მაღალ რანგში აშშ-ს ბოლოჯერ სტუმრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები