საქართველოს სატრანზიტო და ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს სამხედრო ატაშეები და ნატო-ს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები გაეცნენ

თავდაცვის სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული, ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებსა და ნატო-ს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებს საქართველოს, როგორც „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისა“ და ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადი ლოჯისტიკის შესაძლებლობები გააცნეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს მზადყოფნა, უზრუნველყოს მოკავშირეების ჯარებისა და აღჭურვილობის საქართველოს ტერიტორიაზე მიღება, განთავსება ან ტრანზიტი საერთაშორისო სწავლებებისა და მისიების ფარგლებში, რაც მათი განცხადებით ემსახურება პრინციპს – “მეტი ნატო საქართველოში“.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ, ვიცეპოლკოვნიკმა ლარს უკერვიცმა სტუმრებს საქართველოს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ მეშვეობით, ავღანეთიდან გერმანული ქვედანაყოფების გამოყვანის პროცედურების ეფექტიანად და სწრაფად შესრულების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გერმანელი დიპლომატის თქმით, ავღანეთიდან ჯარების გადმოსროლის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გერმანიის საჰაერო ძალების ტრანსპორტირებისთვის გადმოსროლის ჰაბის როლს ასრულებდა.
ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიიდან ალიანსის შენაერთების შეუფერხებლად გამოსვლის მხარდაჭერის მიზნით, მოკავშირეთა ძალებისა და შეიარაღების საქართველოს გავლით ტრანზიტი საქართველომ უმოკლეს ვადებში უზრუნველყო.
სატრანზიტო მხარდაჭერის პროცესში, ქართული მხარე გერმანიის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის, მათ ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფების, ნატო-ს პერსონალისა და კონტრაქტორი პირების განთავსებასა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო და სხვა სახის მხარდაჭერასაც უმაღლეს დონეზე ახორციელებდა. საქართველოს ლოჯისტიკის შესაძლებლობების განვითარება ნატოსა და სტრატეგიული პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები