სოხუმში “ოპოზიციონერი” აქტივისტები შინაპატიმრობაში გადაიყვანეს – ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური დაძაბულობა გრძელდება

ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური დაძაბულობა გრძელდება. დე ფაქტო აფხაზეთის ე. წ. მოქალაქეები: – გარი კოკაია, ალმასხან არძინბა და ხინა დუმავა – სოხუმის პროკურატურაში ნებაყოფლობით ჩვენების მისაცემად გამოცხადდნენ.

დე-ფაქტო პროკურატურამ დედაქალაქის სასამართლოს მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, სასამართლომ სამივე აქტივისტს ორთვიანი შინაპატიმრობა შეუფარდა.

მანამდე, რუსეთის ქალაქ სოჭის სასამართლომ აფხაზ “ოპოზიციონერებს”, კან კვარჩიას, ეფრემ კვარჩიას, ეშსოუ კაკალიას, დავით ნაყოფიას, ხინა დუმაას და ალმასხან არძინბას აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

საქმე ეხება სოხუმში, 2025 წლის ნოემბერში ერთ-ერთ საარჩევნო ოფისში მომხდარ ინციდენტს, სადაც ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ჩასული პოლიტტექნოლოგები იმყოფებოდნენ. “ოპოზიციონერებმა” ისინი დააკავეს და “უსაფრთხოების სამსახურს” გადასცეს, რის შედეგადაც პროკურატურამ აქტივისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

მომხდარის ფონზე, ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ აქტიურია პოლიტიკური დისკუსია რუსეთის გავლენის საკითხზე. საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილოა მოსკოვთან გაფორმებული ეკონომიკური და საინვესტიციო შეთანხმებებით, რომლებიც, მათი შეფასებით, ადგილობრივი ინტერესებისა და სუვერენიტეტის ხარჯზე ხორციელდება. ამავე დროს, აფხაზურ საზოგადოებაში საქართველოსთან რეინტეგრაციის იდეა არსებობს.

დამატებით რეზონანსი გამოიწვია ომის ვეტერან იბრაგიმ იაგანოვის განცხადებამ, რომელმაც თქვა, რომ არსებული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, შესაძლოა, საქართველოს მხარეს ებრძოლა. განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა – ნაწილი ამას ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ პოზიციად აფასებს, ნაწილი კი რუსეთის გავლენის კრიტიკის ფორმად აღიქვამს.

პოლიტიკური ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მიმდინარე პროცესები შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გაღრმავებაზე მიუთითებს, სადაც მთავარი განხილვის თემა კვლავ აფხაზეთის პოლიტიკური კურსი და რუსეთის როლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები