პარლამენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატურების მოსმენა დაიწყო
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურების მოსმენა დაიწყო.
პარლამენტის ინფორმაციით, ცესკოს ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილნი არიან გია ცაცაშვილისა და ლელა ტალიურის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე – თამარ სართანიას და მაია ზარიძის კანდიდატურები.
ცესკოს წევრობის კანდიდატურების მოსმენის შემდეგ, კომიტეტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურებს მოუსმენს.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარის მოადგილის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ფრაქცია ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. მისი თქმით, მიმდინარე პროცესი არ შეუწყობს ხელს მაღალი კონსესუსით – 2/3-ით ცესკოს კანდიდატურების არჩევას და საზოგადოებას ამ კომისიის მიმართ ნდობა არ ექნება.