კატალონიის 158 მუნიციპალიტეტში ე.წ. კომენდანტის საათი დააწესეს
ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონში, კატალონიაში, სადაც ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, 158 ქალაქსა და სოფელში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შეზღუდვა იმოქმედებს 7 დღის განმავლობაში, ღამის 01:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, მათ შორის, ტურიზმის ისეთ წერტილებში, როგორიც არის ბარსელონა, სიტჟესი, სალოუ და ლიორეტ-დე-მარი.
ესპანეთში მაისის დასაწყისში ე.წ. კომენდანტის საათი მოიხსნა, თუმცა, გუშინ განაცხადეს, რომ ბოლო 14 დღეში ინფიცირების მაჩვენებელი 100 ათას სულ მოსახლეზე უკვე 470 შემთხვევას უდრის.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, 20-29 წლის პირებში ეს მაჩვენებელი 100 ათას ადამიანზე 1 509-ს შეადგენს.
ინფიცირების ზრდასთან ბრძოლის მიზნით, ე.წ. კომენდანტის საათი ვალენსიის 30-ზე მეტ ქალაქში ამოქმედდა, ჩრდილოეთ რეგიონ კანტაბრიაშიც განაცხადეს, რომ სურთ იმავე ზომის მიღება 53 ქალაქში.
ამასთანავე, ადგილობრივმა სასამართლომ შესაბამისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა კანარის კუნძულების შემთხვევაში.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ამჟამად რეანიმაციაში მყოფ პირთა 77% აცრილი არ ყოფილა; შემთხვევების 84% “დელტა” შტამს უკავშირდება.