ბლინკენი რუსეთს მოუწოდებს, ჟურნალისტებზე თავდასხმა არ დაუშვას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტების – ნატალია ესტემიროვასა და პოლ ხლებნიკოვის მკვლელობის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა პასუხი აგებინონ მათ, ვინც თავს ესხმის მედიის მუშაკებსა და სამოქალაქო აქტივისტებს.
“დღეს ჩვენ ვიხსენებთ ნატალია ესტემიროვასა და პოლ ხლებნიკოვს. 2004 წელს ხლებნიკოვი მოკლეს მოსკოვში მას შემდეგ, რაც მან კორუფციას ახადა ფარდა. ესტემიროვამ, რომელიც 2009 წელს მოკლეს, გამოავლინა ადამიანის უფლებათა დარღვევები ჩეჩნეთში. მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს დაუსჯელობა ჟურნალისტებზე თავდასხმისა და სამოქალაქო აქტივისტებზე”, – წერს დიპლომატი Twitter- ის გვერდზე.
რუსული ფესვების მქონე, ამერიკის მოქალაქე – პოლ ხლებნიკოვი იყო ჟურნალისტი, პუბლიცისტი და პროფესიონალი რედაქტორი. ის იყო ჟურნალ Forbes-ის რუსეთის ფილიალის ხელმძღვანელი და პირველი თანამშრომელი. პუბლიკაციებისთვის, რომლებიც რუს პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებსა და საზოგადო მოღვაწეებს ამხელდა, ხლებნიკოვმა მოკლე დროში ძალიან ბევრი მტერი შეიძინა. 2004 წლის 9 ივლისს მოსკოვში, ბოტანიკურ ბაღთან მდებარე რედაქციის შენობიდან გამოსვლის დროს ჟურნალისტს ცეცხლი გაუხსნეს. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარებას მამაკაცი ჯერ კიდევ ცოცხალი დახვდა, მაგრამ შემდგომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
რაც შეეხება ნატალია ესტემიროვას – ის 2009 წლის 15 ივლისს გაიტაცეს გროზნოში საკუთარი სახლიდან და იმავე დღეს ინგუშეთის მახლობლად მოკლული იპოვეს. ესტემიროვა იყო კომისიის წევრი თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პატიმრობის პირობების შესახებ. ის ებრძოდა სისხლის სამართლის საქმეების გაყალბებას, აქტიურად სტუმრობდა წინასწარი დაკავების ცენტრებს, ებრძოდა წამების პრაქტიკას და აწარმოებდა გატაცებებისა და უკანონოდ დასჯის საქმეებს.