აშშ-ის გენშტაბის ყოფილი უფროსი: ტრამპი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, საპრეზიდენტო არჩევნების წაგების შემდეგ, გადატრიალებას გეგმავდა, – ამის შესახებ ნათქვამია Washington Post- ის ჟურნალისტების, კეროლ ლეონინგისა და ფილიპ რაკერის წიგნში – “ამის გამოსწორება მარტო მე შემიძლია”, რომლის გამოცემა დაგეგმილია მომდევნო კვირას.
CNN წიგნიდან ამონარიდს აქვეყნებს.
ავტორების თქმით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე, მარკ მილი ემზადებოდა იმისთვის, რომ დონალდ ტრამპი და მისი მოკავშირეები შეეცდებოდნენ ძალადობრივი გზით ძალაუფლების შენარჩუნებას.
მათივე თქმით, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მან და აშშ-ის სხვა მაღალჩინოსნებმა მასობრივად დატოვეს თანამდებობები იმის ნაცვლად, რომ შეესრულებინათ პრეზიდენტის ბრძანებები, რომლებსაც უკანონოდ, გაუაზრებელ ან საშიშად მიიჩნევდნენ. ამ გზით ისინი ტრამპის შეჩერებას ცდილობდნენ.
წიგნში ნათქვამია, რომ ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო თვეებში მილი ქვეყნის მეთაურს განიხილავდა, როგორც “კლასიკურ ავტორიტარულ ლიდერს, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს”. გენერალი ხშირად ხედავდა პარალელებს ადოლფ ჰიტლერის რიტორიკასა და ტრამპის განცხადებებს შორის არჩევნების გაყალბების შესახებ, ასევე, ტრამპი არაერთხელ იხსენებდა გერმანიაში ომამდელ მოვლენებს.
აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს ჩატარდა, გამარჯვება ჯო ბაიდენმა მოიპოვა, ინაუგურაცია 20 იანვარს.
თუმცა, თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი არჩევნებს “გაყალბებულს” უწოდებდა და 6 იანვარს მომხრეებს მოუწოდა კონგრესთან შეკრებისკენ, სადაც არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. აქციის მონაწილეები კი საკანონმდებლო ორგანოში შეიჭრნენ, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.