ეკატერინე ტიკარაძე – ლექსო ლაშქარავაზე: კლინიკამ პაციენტს სწორად უმკურნალა

“ჩვენ დამატებით შევისწავლეთ რეგულირების სააგენტოს მხრიდან კლინიკაში მიმდინარე პროცესები და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ კლინიკის მხრიდან პაციენტი სწორად ნამართი იყო”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ “დღის კურიერში” დასმულ კითხვას, თუ რა მდგომარეობაში იყო ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, როდესაც ის კლინიკიდან გაწერეს და ხომ არ იყო მისი სამედიცინო დაწესებულებიდან გამოსვლა ნაადრევი.

მინისტრის თქმითვე, ყველა ის ადამიანი, რომელიც დაზარალებული იყო 5 ივლისის დღეს, კონტროლის ქვეშ იყო ჯანდაცვის სამინისტროსგან.

“ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის მობილიზებულია ასეთ დროს და ზოგადად ჩვენთვის ყველა ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, განურჩევლად მისი ასაკის, სქესისა თუ პროფესიული მოღვაწეობისა. ამ შემთხვევაშიც, ყველა ის ადამიანი, რომელიც დაზარალებული იყო 5 ივლისის დღეს, კონტროლის ქვეშ იყო ჯანდაცვის სამინისტროსგან. ჩვენ დამატებით შევისწავლეთ რეგულირების სააგენტოს მხრიდან კლინიკაში მიმდინარე პროცესები და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ კლინიკის მხრიდან პაციენტი სწორად ნამართი იყო. მას შესვლისთანავე ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, გაეწია შესაბამისი მკურნალობა 3 დღის მანძილზე. განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ კი, მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით, პაციენტს მკურნალობა უკვე ბინაზე შეეძლო. 12 ივლისს კი მას განმეორებითი კონტროლი ჰქონდა, თუმცა სამწუხაროდ, ის უკვე ექიმთან ვეღარ მივიდა. რა თქმა უნდა, ვერავინ ვიქნებით ძალადობის მომხრე, მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების საუკუნეში, ყველამ შევძლოთ და ერთმანეთთან ცივილური კომუნიკაცია მოვახდინოთ”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა მედიის იმ წარმომადგენელთაგან ერთ-ერთია, რომელსაც 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე სცემეს. ლექსო ლაშქარავა გუშინ დაკრძალეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები