ნიდერლანდებში მუსიკის ორდღიან ფესტივალზე კორონავირუსით ათასი ადამიანი დაინფიცირდა
ნიდერლანდებში ორდღიან მუსიკალურ ფესტივალ Verknipt-ის ღონისძიებაზე მყოფ ათას ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ფესტივალის ტერიტორიაზე მოხვედრა მკაცრი შეზღუდვებით იყო შესაძლებელი, თუმცა, აღნიშნულის პრევენცია ვერ მოხერხდა.
ფესტივალი 3-4 ივლისს ჩატარდა და მას 20 ათასი ადამიანი ესწრებოდა. შემდგომში გაირკვა, რომ პირველ დღეს 448 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო მეორე დღეს – 516 პირი.
ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ შოკირებულნი არიან შედეგით, რადგან სტუმრებს QR კოდით ამოწმებდნენ – ტესტის უარყოფით პასუხზე, ანტისხეულების არსებობაზე თუ ვაქცინაციაზე. მათივე თქმით, ამის გამო, ტერიტორიაზე პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა სავალდებულო აღარ იყო.
ვარაუდობენ, რომ უსაფრთხოების ზომებში ”სუსტი წერტილი” შესაძლოა, უკავშირდებოდეს შედარებით ”ძველ” ნეგატიურ ტესტს.
მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.
ნიდერლანდებში გასულ კვირას კოვიდ19-ით ინფიცირების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი რამდენიმე დღეში ორი ათასიდან ათი ათასამდე ავიდა.
ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მარკ რუტემ აღიარა, რომ მთავრობამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ივნისის ბოლოს კარანტინი სწრაფად შეასუსტა.
ქვეყანაში ღამის კლუბები კვლავ დაიხურა და გარკვეული შეზღუდვები დაუბრუნდათ რესტორნებსა და ბარებს.