ამირან სალუქვაძე: თუ ვინმემ გააკრიტიკა და დაგმო ჟურნალისტების წინააღმდეგ აგრესია და ძალადობა, ერთ-ერთი, თუ პირველი არა, მე ვიყავი

“ამ დღეებში, როცა პოლიციელებზე ძალადობდნენ, პარალელურად, გვემუქრებოდნენ, დაგჭირდებათ ჩვენი მიკროფონები და არ გექნებათო. დიდი ხანია არც თქვენი მიკროფონი მაქვს და არც სხვა არხების. არც მადარდებს. ჩემს სათქმელს აქაც კარგად ვწერ”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე “ფეისბუქის” გვერდზე წერს.

“როცა ამ ქვეყნის მოქალაქე ჟურნალისტი, სხვა ქვეყნის ხელისუფლებას, რამდენადაც სტრატეგიული პარტნიორი არ უნდა იყოს ის, ეკითხება თავისი ქვეყნის საწინააღმდეგოდ სანქციებს თუ განიხილავთო, ეს ნიშნავს შემდეგს:

1. სუვერენული თავმოყვარეობა არ გააჩნიათ;

2. აქეზებს ამერიკის ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ;

3. ცდილობს სანქციების საკითხი თემად აქციოს;

4. ოპოზიციური ან კრიტიკული მედიაც აღარაა, უბრალოდ შიდა პოლიტიკაში ერთ-ერთი მხარეა;

5. ირიბად თუ პირდაპირ აკეთებს სხვა ქვეყნის საქმეს, ანუ აძლიერებს ანტი-დასავლურ და ანტი-ამერიკულ განწყობებს (ესაა თქვენი დასავლეთიო, იტყვიან რუსეთისკენ მობრუნების მომხრეები).

ადრეც დავწერე და გავიმეორებ, იმ რადიო თავისუფლებისგან, რომელსაც სიყმაწვილეში მოკლეტალღურ სიხშირეზე ყურზე მიდებული ვუსმენდი, დიდი ხანია არაფერი დარჩა. ამავე დროს ძალიან ბევრ თქვენგანს უაღრესად დიდ პატივს ვცემ.

“ეხო კავკაზას” მიხედეთ, რომელიც საოკუოაციო რეჟიმებს ხელისუფლებად, პრეზიდენტებად და ცალკე იურიდიულ სუბიექტებად წლებია მოიხსენიებენ. ეს თქვენი ერთობლივი პროექტია. რატომ არ ითხოვთ სანქციებს საქართველოს ან აშშ-ის ხელისუფლებისგან? როცა აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერს აფხაზეთის პრეზიდენტად მოიხსენიებთ, კანონს არღვევთ. ამაზე მეტი რბილი ძალა რაღა უნდა იყოს?!

სხვა დაუბალანსებელ მედიასაც გეხებათ.

ამ დღეებში, როცა პოლიციელებზე ძალადობდნენ, პარალელურად გვემუქრებოდნენ დაგჭირდებათ ჩვენი მიკროფონები და არ გექნებათო. დიდი ხანია არც თქვენი მიკროფონი მაქვს და არც სხვა არხების. არც მადარდებს. ჩემს სათქმელს აქაც კარგად ვწერ.

როცა მასე იმუქრებით, ჩვენ იგივეთი არ გიპასუხებთ. მაგალითად, პოლიცია კვერცხების და საღებავის საპასუხოდ არ გეტყვით აღარ დაგიცავთო. ღირსება აქვს ყოველ პოლიციელს და მაინც დაგიცავენ. ვერ ჩამოშლით.

არც მე დაგაკლებთ ჩემს სათქმელს და სიტყვით, თუ საჭირო გახდა, საქმით დაცვას. თუ ვინმემ გააკრიტიკა და დაჰგმო ჟურნალისტების წინააღმდეგ აგრესია და ძალადობა, ერთ-ერთი, თუ პირველი არა, მე ვიყავი. იხილეთ 5 ივლისის პოსტი.

თქვენი თავისუფალი სიტყვა დაცული იქნება. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ქვეყნის, ხალხის სასიკეთოდ, ან მათ საწინააღმდეგოდ. საკითხავია, თავისუფალია თქვენი სიტყვა?

დიდი ხანია მოშალეთ ქვეყნის პრობლემებზე თემატური დებატების სივრცე და მედია ყაყან-შოუებად, სიძულვილის და აგრესიის გავრცელების წყაროდ აქციეთ.

P.S. სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხმა ხომ არ გაგაწბილათ? წინასწარ არ განვიხილავთო, ანუ ელოდებიან გამოძიების დასრულებას და დამნაშავეთა დასჯას. თქვენც დაეხმარეთ გამოძიებას”, – წერს სალუქვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები