“ყველა მონაწილე, ვისაც ბრალი მიუძღვის, დანაშაული აქვს ჩადენილი, აუცილებლად დაისჯება, ვენდობი გამოძიებას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თბილისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, 5-6 ივლისს პოლიცია ყველაფერს აკეთებდა, რათა ადამიანების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო.
„თუ დააკვირდებით, პოლიცია ყველაფერს აკეთებდა, რათა ადამიანების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. იმის გათვალისწინებით, რომ უამრავი ადამიანი იყო სხვადასხვა ლოკაციაზე, ძალიან რთული იყო ეს. სამწუხაროდ, მთელი ქალაქის მასშტაბით ხდებოდა ის უბედურება, რაც ვიხილეთ. ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. 100-ზე მეტი პიროვნება დააკავეს სხვადასხვა მიმართულებით.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა მონაწილეს, ვისაც ბრალი მიუძღვის, დანაშაული აქვს ჩადენილი, აუცილებლად დაისჯება. ვენდობი გამოძიებას, დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.