იაგო ხვიჩია: მე დავარქმევდი ,,ქოცურ-ნაცურ” კატათაგვობანას, საბოლოოდ, მთელი პროცესი სანახაობაზეა ორიენტირებული
“მე დავარქმევდი ,,ქოცურ-ნაცურ” კატათაგვობანას, საბოლოოდ, მთელი პროცესი სანახაობაზეა ორიენტირებული”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ დღეს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თემის გადასვლა სურთ ასეთი ტიპის ივენთებზე და არა – კონკრეტულ საკითხებზე.
„ჩემი აზრით, ეს არის გაგრძელება იმ კონცერტის, რომელიც ვიცით, რომ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას აწყობს. რაღაცნაირად, არსებითი საკითხების ნაცვლად, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეებს აწუხებთ, თემა უნდა გადავიდეს, როგორც ადრე იყო შესვლა-არშესვლაზე, ახლა გასვლა-არგასვლაზე. თემის გადასვლა სურთ ასეთი ტიპის ივენთებზე და არა – კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც ადამიანებს აწუხებთ და რეალურად გადასაჭრელია. მათ შორის, ის საკითხი, რის გამოც ამდენი ჩხუბია ატეხილი. მე დავარქმევდი რაღაცნაირად ,,ქოცურ-ნაცურ,, კატათაგვობანას. საბოლოოდ, მთელი პროცესი სანახაობაზეა ორიენტირებული. მთავარია, შენ ისეთი სანახაობა მოაწყო, რომ ადამიანებმა სხვა თემებზე საუბარი ვერ შეძლოს, სხვა თემებზე საუბარი იყოს არაადეკვატური. ახლა, ასეთ დროს რომ ილაპარაკო ამნისტიის თემაზე, გახდება არაადეკვატური“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.