მიხეილ ყაველაშვილი – “ეს ყბადაღებული თემა, რომ პრემიერი იყო წამქეზებელი ძალადობის, არის სრული სიცრუე”
“ეს ყბადაღებული თემა, რომ პრემიერი იყო წამქეზებელი ძალადობის, არის სრული სიცრუე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
ყაველაშვილი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებაზე პასუხისმგებლობა შსს-ს აღებული აქვს.
„არ უნდა გადადგეს პრემიერმინისტრი. ეს ყბადაღებული თემა, რომ პრემიერი იყო წამქეზებელი ძალადობის, არის სრული სიცრუე. ეს იყო მიუღებელი, შეუძლებელია ჯანსაღად, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებმა ის ფაქტები, რაც იმ დღეს მოხდა, გაამართლოს. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, ვინც ამას გაამართლებს. ახლა მეორე – ეს ყბადაღებული თემა, რომ პრემიერი იყო წამქეზებელი, არის სრული სიცრუე. დამანახეთ, მომასმენინეთ, რას ნიშნავს წამქეზებელი, ვერ დავინახე მე ეს, რასაც თქვენ ახლა აბრალებთ. თქვენ გქონდათ აქცენტი უნდა მოვიდეს თუ არა შს მინისტრი, ვინ იღებს პასუხისმგებლობას, უნდა დააკავონ თუ არა დამნაშავე პირები, ეს პროცესი ხომ დაიძრა, მიმდინარეობს და ერთ საათში და ორ საათში ასეთი თემები არ წყდება. ამ პროცესს მივყვებოდით ყველა ჩვენგანი, მესმის, რომ ძალიან ემოციური ფონია, მით უმეტეს, ჟურნალისტებისთვის, რადგან თქვენზე განხორციელდა სწორედ შეტევა, ყოვლად მიუღებელი და ამაზრზენი ფაქტი მოხდა, თუმცა, მივყვეთ მოვლენებს და სათითაოდ გამოვყოთ პასუხისმგებელი პირები, დავაცადოთ გამოძიებას, რამდენად ადეკვატური იქნება. მე ვერ დავიწყებ სიარულს და ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს, პასუხი უნდა გასცეს ამ საკითხებზე შსს-მ, ყველას აქვს თავის პასუხისმგებლობა. მიმდინარეობს პროცესი, რაზეც პასუხისმგებლობა აქვს აღებული შსს-ს და გამოაშკარავება და დაკავება მიდის მათი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, არაფერია დაგვიანებული“, – განაცხადა ყაველაშვილმა.