ევროპარლამენტარები: ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება სრულად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული

“ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე, სრულად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩენეს ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით – მმართველმა პარტიამ, უნდა იმუშაოს ევროპული ღირებულებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად.

„საქართველო ძალიან სერიოზულ გზაჯვარედინზეა, რაც განსაზღვრავს მის განვითარებას, წარმატებას ან წარუმატებლობას უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. ქართველთა უმეტესობამ უკვე მტკიცედ და დიდი ხნის წინ აირჩია ევროპული განვითარება და ევროპული ღირებულებები. ამასთან, მოქმედებს ძალები, რომლებიც ცდილობენ, ხელი შეუშალონ საქართველოს პროგრესს ამ გზაზე და შეცვალონ იგი. საქართველოში ბოლოდროინდელი განვითარებული მოვლენები, როდესაც 53 ჟურნალისტი სამიზნე გახდა და სცემეს მიტინგზე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა თბილისის ღირსების მარშს, ერთ-ერთი ასეთი მცდელობაა. ჩვენ დაგვამწუხრა მედიის ერთ-ერთი დაშავებული მუშაკის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ. ლაშქარავას გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე, სრულად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული. ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოების ყველა წევრს, გამოიჩინონ სიმშვიდე და თავშეკავება, რომ არ მოხდეს პროვოკაციები. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით – მმართველმა პარტიამ, უნდა იმუშაოს ევროპული ღირებულებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად. მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების ღირებულებები ევროპული ფასეულობებია და უნდა იყოს დაცული“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.

შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გუშინ დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავას 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები