მიხეილ სააკაშვილი: ყველამ გამოვიღვიძოთ და ვთქვათ, რომ საქართველო საჭიროებს გადარჩენას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია “პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, ახლა, ან გაიღვიძებს საქართველო, ან საქართველო როგორც ქვეყანა გაქრება.

„ლექსოს სიკვდილზე და ყველაფერზე, რაც ხდება – საქართველო არის პირდაპირ საექსპერიმენტო მოედანი რუსული ჰიბრიდული ომის და ფინთი გოიმებივით აგდებენ ხან ერთ ჯგუფს მოსახლეობის, ხან მეორე ჯგუფს. ეს თემები, რომ ევროპა არის გარყვნილება და უბედურება – სრული სისულელე, ის თემები, რომ ჟურნალისტები ამის პროპაგანდირებას ახდენენ – ჟურნალისტები აშუქებენ იმას, რაც არის, ის თემები,რომ ის სისხლიანი ცხრა წელი, რომელიც ასევე ფინთი გოიმებივით ჭამეთ ძალიან ბევრმა – ეს ყველაფერი ნუთუ ვერ ხვდებით, რომ არის ის რუსული ჰიბრიდული ტექნოლოგიები, რომლებსაც ამდენი წელი ხმარობენ, ამდენ ქვეყანაში. პუტინმა პირადად გამოაცხადა, რომ მართლმადიდებლობა არის მათი მთავარი იარაღი და სამწუხაროდ, იმ პირობებში, როცა მე ვარ ამ ეკლესიის შვილი და ძალიან ბევრი ღირსეული მამაო გვყავს, პირდაპირ ჰყავთ აგენტურა. ან საქართველო გაიღვიძებს, ან საქართველო როგორც ქვეყანა გაქრება. მე მინდა მოვუწოდო ყველა ჩემს, ჩვენს მომხრეს, დადგეთ ქართული მედიის და ქართული თავისუფლების ირგვლივ. იმიტომ, რომ ის რაც დაემართა ლექსოს, ეს შეიძლება დაგვემართოს თითოეულს. მეგობრებო ჩვეულებრივად ვართ გადაყვანილი განადგურების რეჟიმში, ჩვეულებრივად ოკუპანტი ქვეყანა იყენებს იმას, რასაც იყენებს ბევრ სხვა ქვეყანაში და ყველაზე მეტად წარმატებით რატომღაც საქართველოში იყენებს. ყველამ გამოვიღვიძოთ და ვთქვათ, რომ საქართველო საჭიროებს გადარჩენას იმიტომ, რომ ადამიანიც აღარ იქნება მისი გადამრჩენელი, ან გაიქცევა ქვეყნიდან ან ყველას დახოცავენ. მეგობრებო ბოლომდე უნდა დავდგეთ, მეც თქვენთან ერთად ბოლომდე დავდგები, არაფრად არ მიღირს სიცოცხლე თუ საქართველო აღარ იარსებებს და თუ ასე დაგვიხოცავენ სათითაოდ ადამიანებს, აბა თქვენ იცით, თქვენი იმედი მაქვს“, – აცხადებს სააკაშვილი.

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 5-6 ივლისს “თბილისი პრაიდის” ღონისძიებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს დაზარალდა. ის შესაბამისი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან ბინაზე გაეწერა. დღეს დილით კი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები